ახალი ამბები

ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებსა და მასთან კონტაქტში მყოფ მედიკოსებს განმეორებით გამოიკვლევენ

ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტიდან 102 მოქალაქე “კოვიდ 19”-ზე გამოკვლეულია და ყველა მათგანის ტესტირების პასუხი უარყოფითია, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი. როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ექიმის ოჯახის წევრებს და მასთან კონტაქტში მყოფ მედიკოსებს “კოვიდ” 19-ზე განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.
“ყვარელში ინფიცირებულ ექიმთან უშუალო კონტაქტში მყოფ მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე განმეორებით ტესტირებაა გათვალისწინებული. მათ კოვიდ 19-ზე პირველი ტესტირების ჩატარებიდან დაახლოებით 4-5 დღეში განმეორებით გამოიკვლევენ. ეს კეთდება პრევენციის მიზნით. დანარჩენ კონტაქტებს კი გამოკვლევა არ სჭირდება, თუ არ გამოუვლინდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი. ამ ეტაპზე ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტია გამოკვლეული, საიდანაც 102 მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა ტესტირება PCR მეთოდით. ყველა მათგანის შედეგი ნეგატიურია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 2 მაისს დადასტურდა. კოვიდ 19-ით დაავადებულია ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც სამკურნალოდ თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.