ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე ტესტირება კარანტინში მყოფ ყველა მოქალაქეს ჩაუტარდება

კახეთში კორონავირუსზე ტესტირება კარანტინში მყოფ ყველა მოქალაქეს ჩაუტარდება, – განუცხადა “კახეთის ხმას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამი დღით ადრე გამოიკვლევენ.
“საკარანტინო ზონებიდან ნიმუშების აღება გრძელდება. კარანტინში მყოფ ყველა მოქალაქის ანალიზის ნიმუშებს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა რომელიმე მათგანს კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ლუგარის ლაბორატორიაში ვაგზავნით სამი დღით ადრე, სანამ ისინი დატოვებენ ამ სივრცეს”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველად დადასტურებული შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულია ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმი. ის თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას კონტაქტი 147 ადამიანთან ჰქონდა, საიდანაც 102 მოქალაქე უკვე გამოკვლიეს და ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია.