მოქალაქეებს ყვარლის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგს უტარებენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც ამ ქალაქში კორონავიურისის შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, მოქალაქეებს თერმოსკრინინგს მასობრივად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უტარებენ.
“მოსახლეობა ამ ვითარებას გაგებით მოეკიდა. დავდივართ კარდაკარის პრინციპით, ქალაქსა და სოფლებში მოსახლეობას ვუტარებთ თერმოსკრინიგს, რა დროსაც ასობით ადგილობრივი უკვე შემოვამოწმეთ. ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომის მქონე მოქალაქე არ გამოვლენილა”, – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ნინო ხუციშვილმა.
ცნობისთვის, ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. 50 წლის ქალი შვილთან ერთად თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი 12 პირი კი კარანტინშია გადაყვანილი. მედიკო ინფიცირებულ მედიკოსს კონტაქტი ჯამში 147 ადამიანთან ჰქონდა, საიდანაც 62 მათგანს ჩაუტარდა PCR ტესტირება, თუმცა ყველას ტესტირების შედეგი ნეგატიურია. მედიკოსების ინფორმაციით, დაავადებულ მედიკოსთან კავშირში მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.