წნორის აგრარული ბაზარი ხვალიდან ამოქმედდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მდებარე ღია აგრარული ბაზარი ხვალიდან განაახლებს მუშაობას.
როგორც “კახეთის ხმას” სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ბაზარი სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების მიხედვით, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს:
ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება-დეზინფექცია.
ბაზრის ტერიტორიაზე სატვირთო და მსუბუქი მანქანის შესვლისათვის მათი რეცხვა და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება.
აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს არსებობა.
მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით;
მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება ტემპერატურის გაზომვით.
აგრარულ ბაზარში მოვაჭრე პერსონალი ვალდებულია: უზრუნველყონ მომხარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე;
სამუშაოების შესრულებისას გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.