ყვარელი კოვიდ 19-ის საფრთხის წინაშე
ყვარელში მედიცინის სპეციალისტებისთვის PCR ტესტირების ჩატარების შემდეგ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ეჭვის ქვეშ დადგა. ყვარელში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს გუშინ დაუდასტურდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვირუსი კიდევ სამ სამედიცინო სპეციალისტს დაუდგინდა. კოვიდ 19-ით დაავადებული მედიკოსები სამკურნალოდ თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით knews.ge -ს რამდენიმე წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ექიმს განმეორებითი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდა, მაგრამ ვირსუსი არ დადასტურდა.
პროტოკოლის მიხედვით, უარყოფითი შედეგის მიუხედავად, პაციენტს განმეორებითი ტესტი კიდევ ერთხელ ჩაუტარდება და თუ ისევ უარყოფითი აღმოჩნდა, მაშინ საბოლოოდ მიიჩნევა, რომ მას კოვიდ ვირუსი არ აქვს.
პარალელურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფიცირებულ პირთან შეხებაში მყოფი პირების ტესტირებაც. ამ დროისთვის 62 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ მედიკოსის ინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, არსებობს მოსაზრება, რომ ჩატარებულმა ტესტირებამ არასწორი პასუხი უჩვენა. ეს მოსაზრება ლუგარის ლაბორატორიის მიერ უარყოფითმა პასუხმაც დაადასტურა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, პასუხი ჯერ კიდევ საჭიროებს დაზუსტებას.
ექიმის ოჯახის წევრების და ნათესავებს და ასევე ყვარელში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილს არ სჯერა, რომ ექიმ ქალბატონს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა და ტესტების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
knews.ge ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ეს ფაქტი შეგნებულად არ ხმაურდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
მერიის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, მაია ავაზაშვილის ინფორმაციით, ქალბატონს განმეორებითი ტესტირება თბილისში 4 დღეში ჩაუტარდება და ზუსტი პასუხი მას შემდეგ გაირკვევა. მისივე თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ყვარელში ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს და ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
,,ექიმს გეგმიური გადამოწმების შემდეგ დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა არანაირი სიმპტომები მას არ აღენიშნებოდა. მის ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ ტესტირება და არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. გუშინვე ყველა შესაძლო კონტაქტი მოვიძიეთ ეპიდემიოლოგებთან ერთად, ყველა ოჯახი გადამოწმებულია, სადაც ამ ქალს ჰქონდა კონტაქტი და აღმოჩნდა, რომ არავის აღენიშნება არც ვირუსი და არც სიმპტომები. ყველა საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება.“ – განმარტა მან.
ჩვენთვის ცნობილი კიდევ ერთი მოსაზრებით, კოვიდ ინფიცირებაზე შემოწმებული პაციენტი სასწრაფო-სამედიციონო ბრიგადის გამოძახებებზე ეკიპირებით გადაადგილდებოდა და ზუსტად იცავდა მითითებებს.
„სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ამ ქალბატონს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. პროტოკოლის მიხედვით, ტესტი რამდენჯერმე კეთდება. ზუსტი ინფორმაცია ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი. ტესტირება, რომელიც მედიკოსებს უტარდებათ, შეიძლება იყოს გარკვეული პროცენტით უზუსტო, თუმცა ჯერ მე ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ ამ მიმართულებით კომპეტენტური’’,- განუცხადა knews.ge-ს მაია ავაზაშვილმა.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მასთან კონტაქტი დაახლოებით 147 ადამიანს ჰქონდა, საიდანაც 62 მოქალაქე PCR მეთოდით გამოიკვლიეს კორონავირუსზე, თუმცა ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია. მასთან კონტაქტში მყოფი დანარჩენი პირების გამოკვლევა კი გრძელდება.