ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან უშაულო კონტაქტში მყოფი 12 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი
ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტია გამოვლენილი, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა. როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, “კოვიდ 19”-ით დაავადებულ მედიკოსთან უშუალო კონტაქტში მყოფი 12 მოქალაქე გადაყვანილია კარანტინში, დანარჩენი იქნება თვითიზოლაციის რეჟიმში, რომლის დაცვასაც მედიკოსები და სამართალდამცავები ერთობლივად გააკონტროლებენ.
“ინფიცირებულ მედიკოსთან კონტაქტში მყოფი 62 მოქალაქე PCR ტესტირებით, რომელიც ოქროს სტანდარტია, უკვე გამოკვლეულია. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი არის უარყოფითი. კონტაქტში მყოფი დანარჩენი მოქალაქეების ნიმუშებს ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გავგზავნით. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. “კოვიდ 19” ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.