კახეთის გუბერნატორი – რომ არა სიტყვის საწინააღმდეგო სისტემა, მოსავლის 90% საერთოდ არ იქნებოდა
არანაირ ტოტალურ ზარალზე საუბარი არ შეიძლება გვქონდეს და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ ვიღაცას მთელი კახეთის დასეტყვა უხარია, – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას რომ არ ემუშავა, გუშინ სტიქიის შედეგად მოსავლის 90% განადგურდებოდა.
გუბერნატორის ინფორმაციით, ძირითადად ერთწლოვანი კულტურები დაისეტყვა.
„რომ არ იყოს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში, ჩავთვალოთ, რომ მოსავლის 90% საერთოდ არ იქნებოდა. გუშინ 790 კვ/კმ ფართობის მქონე ღრუბლის ფრონტი წამოვიდა, რომელიც უკვე იყო ჩამოყალიბებული როგორც სეტყვის ღრუბელი. დღეს გვაქვს რამდენიმე წერტილი, რომელიც დაისეტყვა, თუმცა გვექნებოდა ტოტალური დასეტყვა. ვენახის ზარალი ძალიან მინიმალურია, ძირითადად ერთწლოვან კულტურებს შეეხო ეს სეტყვა. არანაირ ტოტალურ ზარალზე საუბარი არ შეიძლება გვქონდეს და ამ სისტემის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ ვიღაცას მთელი კახეთის დასეტყვა უხარია,“ – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ფერმერებს სახელმწიფო დაზღვევის პროექტით შეუძლიათ სარგებლობა. მისივე თქმით, 100%-იანი დაზღვევა ბუნების წინაშე არ არსებობს.
ცნობისთვის, 2 მაისს კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაისეტყვა. სეტყვა სიღნაღის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ძირითადად სოფელი ანაგა დააზარალა. გარდა ამისა, ქალაქ წნორში ვენახები დაისეტყვა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მინიმალურია.
მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე უცნობია. ამასთან, სეტყვა იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც.