ლაგოდეხის ცხელების ცენტრში გადაყვანილ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ლაგოდეხის ცხელების ცენტრში გადაყვანილ მამაკაცს, რომელიც რუსთავში გამოვლენილი, კორონავირუსით დაინფიცირებული პირის მამაა, “კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა.
მამაკაცი ცხელების ცენტრში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თერმოსკრინინგის შედეგად მომატებული, 37.2 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა.
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუნუ ნოზაძის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი სოფელ გურგენიანში, მოხუც მამასთან ჩავიდა.
,,რუსთავიდან შეგვატყობინეს, რომ მის შვილს ვირუსი დადუდასტურდა. შევამოწმეთ მამაკაცი და ცხელება ჰქონდა. გადავიყვანეთ ცხელების ცენტრში, სადაც ნიმუში ავიღეთ და ლუგარის ცენტრში გავაგზავნეთ”, – განაცხადა ნოზაძემ.
ლუგარის ლაბორატორიის პასუხის საფუძველზე, თვითიზოლაციიდან მოიხსნება 15- მდე მოქალაქე, რომლებსაც მამაკაცთან კონტაქტი ჰქონდათ.
ცნობისთვის, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა კახეთში გუშინ დაფიქსირდა. პირველი დაინფიცირებული ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმია.
ეპიდემიოლოგებმა, ლუგარის ცენტრში კვლევისათვის უკვე გააგზავნეს, მისი ოჯახის წევრებისა და კონტაქტში მყოფი პირების ბიოლოგიური მასალა.
სწრაფი ტესტირებით კოვიდ- 19 კიდევ სამ პირს გამოუვლინდა, მათ შორის, ერთი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლია. PCR კვლევამ კი არც ერთი მათგანის კორონავირუსით ინფიცირება არ დაადასტურა.