კახეთის გუბერნატორმა კორონავირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობების ანგარიში წარადგინა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა თელავის დემოკრატიის სკოლის მონაწილეებთან, მედიისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კორონავირუსთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობების შესახებ ანგარიში წარადგინა და დასმულ კითხვებს უპასუხა.
ონლაინ ჩართვის დროს ირაკლი ქადაგიშვილმა ვრცლად ისაუბრა ახალი კოვიდ 19-ის მხრივ რეგიონში არსებული ვითარებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით, რეგიონში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
,,ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს პრევენციულ ღონისძიებებზე და ამ დროისათვის, კახეთში 3 ცხელების ცენტრი და 11 საკარანტინე ზონაა მოწყობილი.
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსი არ დადასტურებულა, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებას ვახორციელებთ, მათ შორის ტარდება რეგიონში შემომსვლელი თითოეული მგზავრისა და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საყოველთაო თერმოსკრინინგი.
კახეთის შემოსასვლელებში ბლოკპოსტების მოწყობაზე მთავრობას ჩვენ მივმართეთ და მათ გაითვალისწინეს ჩვენი ინიციატივა. თერმოსკრინინგი არ გამორიცხავს დაავადებული პირის აქ შემოსვლას და ეს არ ნიშნავს ტესტირებას, თუმცა მნიშვნელოვანია ამისი განხორციელებაც პრევენციისთვის.
კახეთში 11 საკარანტინო სივრცე მოქმედებს, რომელიც 1700-მდე ვიზიტორმა უკვე დატოვა და გაემგზავრა საკუთარი სახლებისკენ. არდა ამისა, აგრარული ბაზრების ადმინისტრაციების მიმართ არსებული რეგულაციებსა და მათ მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი თვითმმართველობების ჩართულობით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდება კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების PCR ტესტირება. ვიქრობთ ერთობლივი და აქტიური მუშაობით მივაღწევთ დასახულ მიზნებს’‘,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან, არსებული პროტოკოლის გათვალისწინებით, აღდგება ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში შევა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც.
ონლაინ შეხვედრას ასევე ჰოლანდიის ელჩი საქართველოში, მააიკე ვან კოლდამი ესწრებოდა
შეხვედრის ორგანიზატორია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.