კახეთში პირველ ეტაპზე კორონავირუსზე 620 მედიკოსს გამოიკვლევენ
კახეთის რეგიონში კორონავირუსზე მედპერსონალის ტესტირება უკვე დაიწყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე კოვიდ 19-ზე 620 მედიკოსს გამოიკვლევენ.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, შემოწმებას ცხელების ცენტრებში მომუშავე ექიმები და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გაივლიან.
მისივე თქმით, სამომავლოდ კორონავირუსზე რეგიონში მომუშავე ყველა მედპერსონალს გამოიკვლევენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება უკვე 100-მდე მედიკოსს ჩაუტარდა, თუმცა არც ერთ მათგანს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა.
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 82 ნიმუში გააგზავნეს, თუმცა ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.