თელავის აგრარული ბაზარი ხვალ გაიხსნება
თელავის აგრარული ბაზარი მუშაობას ხვალიდან განაახლებს.
გადაწყვეტილება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ მიიღო.
ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის ინფორმაციით, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ხალხის ნაკადს თავად გააკონტროლებს, ხოლო გარე ტერიტორიაზე ნაკადის დარეგულირებაში მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები გაუწევენ დახმარებას.
,,ყველაფერი მოვაწესრიგეთ რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა. ბაზრის გახსნის შესახებ ინფორმაცია იციან ჩვენმა მოვაჭრეებმა და ასევე ისიც იციან, რომ უნდა გამოიყენონ პირბადე და ხელთათმანი”, – განუცხადა knews. Ge-ს მერაბ თურქოშვილმა.
თურქოშვილისვე თქმით, აგრარულ ბაზარში მიმდინარე პროცესებს, ორი დღის განმავლობაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, რის შემდეგაც ბაზრის ადმინისტრაციას რამდენიმე რეკომენდაცია მისცეს.
,,გუშინაც და დღესაც იყვნენ სურსათის ეროვნული სააგენტოდან. მივიღეთ რეკომენდაციები და მითითებები, რაც მოსაგვარებელი იყო იმისთვის, რომ ბაზარს განეგრძო ფუნქციონირება. გვეგონა მოვაწესრიგეთ, თუმცა ბოლომდე არ გამოგვივიდა და ამიტომ დახურეს. დღეს ბოლომდე მოვაწესრიგეთ, დახლები მოვაწყეთ. გავიტანეთ ნივთები რაც არ იყო გამოსადეგი. შევრებეთ რკინის ნაკეთობები რაც დაჟანგებული იყო”,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას მერაბ თურქოშვილმა.
ცნობისთვის, სარეაბილტაციო სამუშაოების შემდეგ თელავის ბაზარი 27 აპრილს გაიხსნა, თუმცა ამოქმედებიდან რამდენიმე საათში სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კვლავ დაიხურა. ბაზრის მფლობელი კი 3 000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობა გახდა.