სოფელ კაბალში ბოსტნეულის საბითუმო ბაზარი გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბითუმო ბაზარი გაიხსნა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს, სრული დატვირთვით ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
„ბაზარში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა დაცული იყოს სოციალური დისტანცია და სპეციალისტების რეკომენდაციები იყოს სრულად გათვალისწინებული.
ბაზარი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმით ფუნქციონირებს“, – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.
ფერმერების ნაწილი ადგილზე კიტრის მოსავლს უკვე აბარებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ვარაუდობს, რომ წელს 10 ათას ტონამდე კიტრის მოსავალი იქნება.
საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვებისა და მერიის მიერ საშვების გაცემის მიუხედავად, ფერმერები კიტრის რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობდნენ.
სწორედ ამ მიზეზით 23 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჩავიდა.
სოლომონ პავლიაშვილმა მოსახლობას მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა და პირობა დადო, რომ ფერმერები პროდუქტის გაყიდვას დროულად შეძლებდნენ და მუნიციპალიტეტში მომავალი კვირიდან საბითუმო ბაზარი გაიხსნებოდა.