ახალი ამბები

თელავის აგრარულ ბაზარში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის აგრარულ ბაზარში დილიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც knews.ge-ს  ბაზრის დირექტორმა, მერაბ თურქოშვილმა განუცხადა, ბაზარში არსებული მდგომარეობა დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ადმინისტრაციას სხვადასხვა სახის რეკომენდაცია მისცეს, რომლის მოგვარებაც საღამოს 20 საათამდე უნდა მოხერხდეს.

,,გუშინაც და დღესაც იყვნენ სურსათის ეროვნული სააგენტოდან. მივიღეთ რეკომენდაციები და მითითებები, რაც მოსაგვარებელია იმისთვის, რომ ბაზარმა ფუნქციონირება განაგრძოს. გვეგონა რაღაცეები გავაკეთეთ, თუმცა ბოლომდე ვერა და ამიტომ დაიხურა ბაზარი.

ახლა მიმდინარეობს ბაზრის ბოლომდე მოწესრიგება, დახლების მოწყობა, ასევე არამოხმარებადი ნივთების გატანა და დაჟანგებული რკინების შეღებვის სამუშაოები.

ამ სამუშაოების განხორციელებისთვის დღის 8 საათამდე გვაქვს ვადა, რომლის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტო სამუშაოებს ისევ ნახავს. მათზეა დამოკიდებული გაიხსნება თუ არა ბაზარი”,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას მერაბ თურქოშვილმა.

ცნობისთვის, სარეაბილტაციო სამუშაოების შემდეგ თელავის ბაზარი 27 აპრილს გაიხსნა, თუმცა ამოქმედებიდან რამდენიმე საათში სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კვლავ დაიხურა.

ბაზრის მფლობელი კი 3 000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობა გახდა.