რა დახმარებას მიიღებენ დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, ვისაც აღარ ერიცხებათ ხელფასი
დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, სოციალური დახმარების მისაღებად არავითარი საბუთის წარდგენა არ დასჭირდებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, დამქირავებელი გათავისუფლებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის შემოსავლების სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, ამ პირთა სიას დასაქმების სააგენტოს წარუდგენს. თამარ ბარკალაიას განცხადებით, თვეში 200- ლარიანი დახმარების გაცემა ამ სიების მიხედვით მოხდება.
„დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, ან არიან უხელფასო შვებულებაში გაშვებულები, ან არიან სამსახურიდან გათავისუფლებული, ამ შემთხვევაში მიიღებენ თვეში 200 ლარის ოდენობის დახმარებას 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარს. აღნიშნული სიები იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებული, რომელიც ამ სიებს დასაქმების სააგენტოს წარუდგენს. ამ სიებში მყოფ პირებს, ანუ ოფიციალურად დაქირავებით მომუშავე ადამიანებს, არ დასჭირდებათ არავითარი დამატებითი საბუთების წარდგენა. მათი დამსაქმებელი, ისევე, როგორც მანამდე აკეთებდა ყოველთვიურად ანგარიშგებას, ახლაც გააკეთებს ანგარიშგებას შემოსავლების სამსახურში, მიაწვდის ინფორმაციას გათავისუფლებული ადამიანების შესახებ და გადარიცხვები ავტომატურად მოხდება მათ ანგარიშებზე“, – განაცხადა ბარკალაიამ.