რა მდგომარეობაა სოფლების მაღაზიებში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო
რა მდგომარეობაა სოფლების მაღაზიებში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიქტები რამდენად რეგულარულად მარაგდება საკვები პროდუქტებით? რას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა და რა პოზიცია აქვთ მაღაზიების მეპატრონეებს?
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ქვეყნის საკვები პროდუქტების მაღაზიებში მომხმარებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, რომელმაც გარკვეული სახის პროდუქციის დეფიციტი გამოიწვია. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სოფლების მაღაზიები აღმოჩნდა.
ეს ვითარება ახალი რეგულაციებით, რომელიც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასაც ითვალისწინებდა, კიდევ უფრო გართულდა. ადგილობრივ მოსახლობისთვის ქალაქში გადაადგილების და იქ პროდუქტის შეძენის პრობლემა გაჩნდა, რის გამოც სოფლების მაღაზიებზე მოთხოვნა გაიზარდა.
,,რა მყოფნის, შვილო, მთელი ქვეყანა შემოვიარე, თელავამდე ძლივს მოვედი, რომ ავადმყოფი მშიერი არ მოვკლა. მაღაზიები დაკეტეს, ბაზარი დაკეტეს, ასე როგორ შეიძლება? ქისტაურიდან მოვდივარ. ვიფიქრე, გავივლი, იქნებ, სადმე რამე ვიყიდო-მეთქი. ახლა ვნახე ერთგან კარტოფილი და ისეთი ძვირია, 50 თეთრი ღირდა და ახლა 2 ლარი ღირს. ნეტა, როდემდე ვიცხოვრებთ ასე, არ ვიცი“, – განუცხადა knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა.
რეგიონის სოფლების მაღაზიების მეპატრონეების და დისტრიბუტორების დიდი ნაწილი კი საპირისპიროს აცხადებს. ისინი სოფლების მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტს გამორიცხავენ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მდებარე მაღაზიის ერთ-ერთი მფლობელი რომან ბოტკოველი აცხადებს, რომ მის სავაჭრო ობიექტზე პრობლემა არც იმ დროს იყო, როდესაც მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.
,,როგორც აქამდე დადიოდა, ისევ ისე დადის მაღაზიაში დისტრიბუცია. მე, მაგალითად, შეზღუდვასთან დაკავშირებით, მერიამ და საკრებულომ მომცა რამდენიმედღიანი საშვი, გადაადგილების შესაძლებლობა რომ მქონოდა. თუ რომელიმე პროდუქტის დეფიციტი მექმნებოდა, პროდუქცია საბუთით თელავიდან მე შემომქონდა.
დანარჩენი კიდევ, დისტრიბუცია ნორმალურად დადის. რაც გზა გაიხსნა, უკეთესი ვითარებაა. რომ გითხრა, რამე მნიშვნელოვანი პრობლემა მაქვს, ასე არ არის. სოფლის პირობებზე ყველაფერი ნორმალურადაა“,-განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას რომან ბოტკოველმა.
ზურაბ ნაცარაშვილს სოფელ რუსიპირში შხამქიმიკატების მაღაზია აქვს. ამ პროფილის ობიექტების ფუნქციონირება ახალი საკარანტინე რეგულაციებით არ აკრძალულა.
,,შხამქიმიკატების მომარაგებასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. ჯერჯერობით არც რომელიმე პრეპარატის ან შხამქიმიკატის დეფიციტი არ გვაქვს.
პრობლემა არც იმ დროს შეგვქმნია, როდესაც ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა, რადგან კომპანიას თავისი სადისტრიბუციო ავტომანქანები აქვს, რომლებსაც იმ დროს სპეციალური საშვი ჰქონდა, შესაბამისად, მომარაგებაზე პრობლემა არ შეგქვმნია“,- ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ზურაბ ნაცარაშვილი.
სოფლების შედარებით მწირ მაღაზიებს ქალაქის შესაბამის ობიექტებთან საერთო მაინც აქვს: ყველგან ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა, რომელიც მოქალაქეების დიდი ნაწილის ისედაც ცარიელ ჯიბეებს მძიმე ტვირთად აწვება.
ავტორი: ნატალია მეგუთნიშვილი