ახალი ამბები

კარანტინის ან იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარამდე შემცირდება

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად, 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევისთვის იურიდიული პირისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ კარანტინის და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ამ ოდენობის ჯარიმა მხოლოდ იმ შემთხვევი იმოქმედებს, თუკი ამ დროს ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმი არ იქნება გამოცხადებული.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა იქნება გამოცხადებული, ასეთ დროს შემოღებული რეგულაციების, მათ შორის კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევაზე სანქციის ოდენობა პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით იქნება დარეგულირებული.

„ადამიანი, ვინც კარანტინის და იზოლაციის წესს არღვევს მაშინ, როდესაც არ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა, ეს უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულს უფრო წარმოადგენს, ვიდრე მმართველობის წესის დარღვევას. ამიტომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა თავში შეგვაქვს ეს მუხლი. როდესაც არ გვაქვს საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა იქნება ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10 ათასი ლარი. ასევე, ამ მუხლს ექნება შენიშვნა, რომლის თანახმად შსს-ს ექნება შესაძლებლობა, რომ წესის დამრღვევი პირი, იზოლაციის მიზნით, კარანტინში ან შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანოს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცალკე მუხლი იქნება შემოთავაზებული საგანგებო ან/და საომარი რეჟიმის დარღვევაზე. ეს რეჟიმი განსაზღვრული იქნება დეკრეტით, მთავრობის დადგენილებით. ამ რეჟიმის დროს მოქმედი ყველა რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის პასუხისმგებლობას, თუმცა აქ სანქციის მითითება ხდება პრეზიდენტის დეკრეტზე დაყრდნობით.”

ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის თანახმად, თუ პირი კარანტინის ან/და იზოლაციის წესს ხელმეორედ დაარღვევს და ამასთან, ქვეყანაში არ იქნება გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რაც გულისხმობს შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცების შემთხვევაში, 2020 წლის 2 მაისიდან ამოქმედდება.