კახეთში მედპერსონალის მასიური ტესტირება იწყება
მომავალი კვირიდან კახეთში მედპერსონალის მასიური ტესტირება იწყება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი გრაფიკი უკვე შედგენილია.
,,ყველამ ვიცით, რომ ამ ვირუსის ყველაზე ცუდი მახასიათებელი უსიმპტომო მიმდინარეობაა, რაც შესაძლოა სხვა პირისათვის საფრთხის შემცველი იყოს. ამიტომ მომავალი კვირიდან უკვე დავიწყებთ მედპერსონალის ტესტირებას. ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გვაქვს. ბუნებრივია, ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ დაავადების თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
კახეთში საკარანტინო ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური სინჯი ყოველდღიურად იგზავნება.
რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.