სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითები კახეთში
საქმიანობა, რომელსაც ბიზნესი ნებაყოფლობით ირჩევს, რათა გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესი, არცთუ ხშირად არის მუდმივმოქმედი.
ხშირ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებენ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას და ფიქრობენ, რომ ეს მსხვილი კომპანიების საქმეა.
ბიზნესსექტორი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულმა რთულმა მდგომარეობამ გააერთიანა. თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე პოზიტიურ მაგალითზე ჩანს, რომ აღნიშნული სტერეოტიპი ნელ-ნელა ინგრევა.
თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანიებს აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა მომხმარებლებზე, თანამშრომლებსა და ფართო საზოგადოებაზე. კომპანიამ, რომელსაც თელავში რძის გადამამუშავებელი საწარმო აქვს, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში მყოფ მოქალაქეებს წარმოებული პროდუქცია უფასოდ გადასცა.
,,კომპანია “ცივის ყველი” ყველას უსურვებს ჯანმრთელობასა და მშვიდობიან დღეებს. საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაცნობიერებთ ჩვენს დიდ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე”, – აცხადებენ კომპანიაში.
სოციალური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას. მისი ფუნქციაა პრობლემურ საკითხებში საზოგადოების გვერდში დგომა. ამისი საუკეთესო მაგალითია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც თავად სჭირდებათ განვითარება და ხელშეწყობა.
თელავში მოქმედი ტაქსის კომპანია სოციალურად დაუცველებს და ხანდაზმულებს პროდუქტების მიტანას და უფასო გადაადგილებას სთავაზობს.
,,თელავში მცხოვრებ ყველა მარტოხელა პენსიონერს საჭირო წამლებსა და საკვებ პროდუქტებს სახლებში სრულიად უფასოდ სპეციალურად გამოყოფილი ორი მანქანით მიაწვდიან. ტაქსოპარკით ასევე სრულად უფასოა ჩვენი მოხალისეების საჭიროებისამებრ გადაადგილება”, – წერს სოციალურ ქსელში მიშა გულიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მდებარე სასტუმრო “სავანეთის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასურსათო მარკეტის მფლობელი გიგლა ლოქაფიშვილის კი ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებს, პროდუქტებს ფასი არ მოუმატონ.
,,ჩემს მაღაზიაში ყველა პროდუქციას 0%-იანი დანამატით ვყიდი, იმ ფასში, რაც დისტრიბუციას მოაქვს. ახლა არ არის ფულის შოვნის დრო, ახლა მთავარია ერთმანეთის გვერდით დგომა. ჩვენ მომხმარებლების დახმარებით ვსაქმიანობთ, რადგან რომ არა ისინი, ჩვენი ბიზნესი ვერ იარსებებდა. ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელს მოვუწოდებ, დადგეს ხალხის გვერდით”, – განაცხადა გიგლა ლოქაფიშვილმა.
მოქალაქეების დახმარების სურვილი ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა თელავის ტექ-დათვალიერების ცენტრმაც. TT MOTORS-მა მძღოლებს საიდეზინფექციო ხსნარი უფასოდ გადასცა.
,,დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით არსებულ სიტუაციას და ვცდილობთ, ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებსა და მოქალაქეებზე”, – აცხადებს Knews-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ბასილაშვილი.
თელავში არსებულმა ფოტოსტუდიამ “CHEKI photography” გადაწყვიტა, რომ კრიზისულ სიტუაციაში ბიზნესის დასახმარებლად მინიმალურ ფასად იმუშაოს.
„ჩვენი ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კრიზისში მყოფ ქართულ ბიზნესს ვთავაზობთ პროფესიონალურ ფოტოგადაღებებს სიმბოლურ ფასად. გარდა ამისა, ვირუსთან დაკავშირებული მოვლენების დასრულების შემდეგ სასტუმროებისა და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის ერთი თვით 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. შეღავათები გავრცელდება საიმიჯო ვიდეორგოლებზეც“, – აღნიშნა Knews-სთან საუბრისას CHEKI photograpy-ს დამფუძნებლმა გიორგი ჩეკურიშვილმა.
ყველა კომპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოუწოდებს ბიზნესის წარმომადგენლებს მსგავსი აქტივობებისკენ.
ბიზნესის გარდა, სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითებია ის ღონისძიებები, რომლებსაც ლაგოდეხსა და ახმეტაში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტები ახორციელებენ. ისინი საზოგადოების წინაშე საკუთარ ანგარიშვალდებულებას გრძნობენ.
სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ლაგოდეხში მცხოვრებ მოხუცებს, ორსულებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, სახლში მიუტანს მათთვის საჭირო ნივთებს, პროდუქტსა თუ მედიკამენტებს.
,,ეს იქნება მარკეტი, აფთიაქი თუ ნებისმიერი ადგილი, გავალ და სასურველ პროდუქტს თუ ნივთს ადგილზე მივიტან. ვემსახურები სრულიად უფასოდ. გადაადგილებაში მეხმარება ველოსიპედი. კარგი იქნება, თუ დახმარების სხვა მსურველებიც გამოჩნდებიან. თუ ბევრნი ვიქნებით, ბევრს დავეხმარებით ამ გასაჭირის დროს”, – ამბობს Knews-სთან საუბრისას დავით ჭაბაშვილი.
ახმეტაში მცხოვრები ფერმერი კი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც კახეთში პირბადეების დამზადება დაიწყო და მსურველებს უსასყიდლოდ ურიგებს.
,,რაც დაიწყო კორონავირუსზე ლაპარაკი, პირბადეების დეფიციტია მუნიციპალიტეტში. ნათხოვარი საკერავი მანქანით და ნაყიდი ნაჭრით დავიწყე კერვა. მეზობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს დავურიგე პირბადეები. სამომავლოდაც გავაგრძელებ ამ საქმეს და დავეხმარები იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ პირბადეები”, – განაცხადა Knews-სთან საუბრისას საუბრისას ზაზა გოგიაშვილმა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველო ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. შეთანხმება ითვალისწინებს ამ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დიალოგის ხელშეწყობას.
ევროკავშირის განმარტებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) კონცეფციაა, რომლის თანახმად, კომპანია ბიზნესოპერაციებში და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას იზიარებს სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით და რეგულარული აქტივობებით ნებაყოფლობით ზრუნავს საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც თავად არის.
ფოტო: Forbes Georgia