იზოლაციის დროს წასაკითხი წიგნები – ტორესა მოსის რჩევები
დატვირთული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ჩვენს ცხოვრებაში წიგნებისთვის დრო თითქმის აღარ რჩება. ახლა კი, როდესაც უმეტეს დროს სახლში ვატარებთ, წიგნებისთვის უამრავი დრო გვაქვს. გავხადოთ ეს მდგომარეობა, პოზიტიური და სარგებლიანი.
ჩვენი რუბრიკის სტუმარია ტელეწამყვანი ტორესა მოსი, რომელიც წარმოგიდგენთ წიგნებს ანოტაციებთან ერთად, რომელიც იზოლაციის დროს უნდა წაიკითხოთ.
ნაწილი I
მართალია ასეთი გლობალური კრიზისი პირველად ხდება, მაგრამ საქართველოში ეს მაინც და მაინც იშვიათი არ არის. ჩემი ცხოვრების 35 წლის განმავლობაში ოთხ ომს მოვესწარი, არაფერი რომ არ ვთქვა პირად ჩავარდნებზე. შესაბამისად, მაქვს გარკვეული წიგნები, რომლებსაც ხშირად ვუბრუნდები ხოლმე. ეს წიგნები ძირითადად პოზიტიურია, ოპტიმისტურია და აქ სიკეთე ბოლოსდაბოლოს ბოროტებას ამარცხებს. ალბათ ამიტომ ყველაზე რთულ დროს, სწორედ მათ ვაფარებ ხოლმე თავს – ტორესა მოსი.
1. ჰობიტი და ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია
საკმაოდ დიდი ვიყავი, როდესაც ტოლკინის ეს განუმეორებელი სამყარო გავიცანი და როგორც კი კითხვა დავიწყე, მივხვდი, რომ ამ წიგნებს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არ წავიკითხავდი. ბევრმა რამემ მომხიბლა, მაგრამ მიზეზი თუ რატომ ვაფარებ ხოლმე ტოლკინს თავს, ალბათ მაინც ის არის, რომ ამ სამყაროში სიკეთე, მეგობრობა, თანაგრძნობა და სიყვარული ყველაზე ძლიერ ბოროტებასაც ამარცხებს. იდეა, რომ ისეთ პატარა და სხვებისთვის შეუმჩნეველ არსებებს, როგორებიც ჰობიტები არიან, შეუძლიათ სამყაროს გადარჩენაში გადამწყვეტი როლი შეასრულონ, მახსენებს, რომ როგორც არ უნდა დიდი პრობლემის წინაშე ვიდგე და რამდენად პატარაც არ უნდა მოვჩანდე ამ პრობლემასთან შედარებით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და საბოლოოდ სიკეთე მაინც იმარჯვებს. ეს მაძლევს ძალას, რომ ცოტა ხანს შუახმელეთში გავიქცე, მაგრამ როდესაც იქიდან ვბრუნდები, გაცილებით უფრო ბრძოლისუნარიანი ვხდები.
2. ჰარი პოტერი
ჰარი პოტერიც საკმაოდ გვიან წავიკითხე. ეს მოხდა მაშინ, როდესაც პირველად აღმოვჩნდი დეპრესიულ მდგომარეობაში. ზოგადად ძალიან ოპტიმისტი ვარ და ეს ძალიან უჩვეულო იყო ჩემთვის. უჩვეულო იყო, რომ ფანჯრებს მიღმა გაზაფხული იდგა, მზე ანათებდა, მე კი ვიწექი საკუთარ ოთახში და არაფერი მინდოდა, ფეხზე წამოდგომაც კი. სწორედ ამ დროს სრულიად შემთხვევით ავიღე ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა, დავიწყე კითხვა და სახლიდან უკვე საიდუმლო ოთახის საყიდლად გავედი, შემდეგ კი დანარჩენი ხუთი წიგნიც სულმოუთქმელად წავიკითხე. როდესაც ჰოგვორტსიდან დავბრუნდი, მე დავიბრუნე ოპტიმიზმი და პრობლემებთან გამკლავების უნარი. ჰარი პოტერი გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად დაწერილი წიგნია, გვახსენებს, რომ რაც უნდა ხდებოდეს, ცხოვრება და ბრძოლა ღირს, როდესაც გიყვარს ადამიანები, შენი ოჯახი, მეგობრები და ჰო, ამ ყველაფერს გაცილებით მეტი რამ შეუძლია ვიდრე ჩვენ გვგონია. მთავარი რამაც მომხიბლა იყო ის, რომ ჰარის, რონის და ჰერმიონს მუდმივად უკიჟინებენ, რომ ეს მათი საქმე არ არის, რომ არ უნდა ჩაერიონ, რომ რაღაც მათ არ ეხებათ, მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობენ გააკეთონ რაღაც, რაც შეუძლიათ და ხშირად ისიც, რაც მათ არ შეუძლიათ და ასეა თუ ისე, ეს ყველაფერს სიკეთის სასარგებლოდ ცვლის. ეს ძალიან დიდი წიგნია მეგობრობაზე, სიყვარულზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, ადამიანის გონების შესაძლებლობაზე და კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამხელა ღირებულებაა სიცოცხლე და თავისუფლება.
3. მოთხრობები შერლოკ ჰოლმსზე
შერლოკი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ეს მოთხრობები წავიკითხე. მახსოვს დედამ თავის მეგობართან წამიყვანა, 8 ან 9 წლის ვიყავი. როდესაც მივედით მათ თავიანთ დიდურ თემებზე დაიწყეს ლაპარაკი, რისიც არაფერი მესმოდა, ჩემი ყურადღება კი წიგნების კარადამ მიიპყრო. პრიალა ნაცრისფერ ყდიანმა წიგნმა მიმიზიდა, გადმოვიღე, კითხვა დავიწყე და საერთოდ მოვწყდი რეალობას. მეცხრამეტე საუკუნის ლონდონში აღმოვჩნდი და შერლოკი იქცა ჩემ საყვარელ პერსონაჟად. შერლოკის გაცნობის შემდეგ მე შემიყვარდა ცოდნა, ინტელექტი და ადამიანის გონების შესაძლებლობები და გამიჩნდა რწმენა, რისიც დღემდე მჯერა, რომ ადამიანის გონებას, ლოგიკურ აზროვნებას და რაციონალურ გადაწყვეტილებებს შეუძლია ეს სამყარო გაცილებით უკეთესი გახადოს. რაც მთავარია ეს წიგნი გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება ვიყოთ სიკეთის მხარეს და არ ჩავიდინოთ ბოროტება. ერთ ადგილას უოტსონი ამბობს, წარმოვიდგინე, რამდენად საშიში დამნაშავე შეიძლებოდა ყოფილიყო ის, კრიმინალობა რომ გადაეწყვიტაო. მგონია, რომ ზუსტად მაშინ გადავწყვიტე, რომ ყოველთვის სიკეთის მხარეს უნდა ვყოფილიყავი და ვფიქრობ ამან ბევრი რამ შეცვალა ჩემ ცხოვრებაში. და ჰო, ეს წიგნიც რა თქმა უნდა ძალიან დიდ მეგობრობაზეა, რადგან რა იქნებოდა შერლოკი უოტსონის გარეშე? ალბათ მხოლოდ გენიოსი კერძო დედეტექტივი, მაგრამ ის შერლოკი ნამდვილად არა, რომელსაც ვიცნობთ.
4. პეპი გრძელიწინდა, ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი, ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი, ბიულერბიუელი ბავშვები
ბევრი წიგნი გავაერთიანე ერთად, მაგრამ მგონია, რომ ასტრიდ ლინდგრენის ამ არაჩვეულებრივი წიგნების გარეშე, ჩემი ბავშვობა ვერ იქნებოდა ისეთი ლამაზი და ფერადი, როგორიც იყო. ეს წიგნები მეხმარება გავიხსენო ყველაზე ძვირფასი ემოციები და შეგრძნებები, ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით აღარ არიან და ის, რაც ადამიანებში მთელი გულით შეიძლება გიყვარდეს. ის, რომ ოდესღაც ყველანი ვიყავით ბავშვები და ეს საოცარი ბავშვები კვლავ ჩვენში არსებობენ და თუნდაც მხოლოდ ამის გამო ღირს ყველაფერს გაუძლო და გადარჩე, რადგან ეს ბავშვი ჩვენში იმსახურებს გადარჩენას.
5. ვეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანთან ჩემი პირველი მოგონება ბებიას უკავშირდება, როდესაც სულ პატარას ძილის წინ მიკითხავდა და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ჩემი ბავშვური გონებით, მე მესმოდა რას კითხულობდა და არა მხოლოდ მესმოდა, არამედ ეს სიტყვები მუსიკად ჩამესმოდა. სკოლაში ვეფხისტყაოსანი შემძულდა, მოგვიანებით სტუდენტობისას წავიკითხე და მას შემდეგ ყოველ წელს ვკითხულობ და ის სრულიად ამოუწურავია. მას ყოველთვის ისე ვკითხულობ თითქოს პირველად ვკითხულობდე. ის ხან მუსიკაა, ხან ლოცვა, ხან დიდი ფილოსოფიური ტრაქტატი, ხან ყველაზე კეთილი ზღაპარი და ხანაც ქართული ენის უსაზღვრობის შეგრძნების შესაძლებლობა. ვეფხისტყაოსანი არის მტკიცებულება, რომ კაცობრიობა იმსახურებს გადარჩენას.
იზოლაცია და კრიზისი მხოლოდ ძველ და უკვე წაკითხულ წიგნებთან დაბრუნების შესაძლებლობა არ არის. ეს არის ასევე შესაძლებლობა წავიკითხოთ ის სქელტანიანი და ძალინ მნიშვნელოვანი წიგნები, რომლების წასაკითხადაც ზოგმა შეიძლება აქამდე დრო ვერ გამონახა. ამიტომ თუ ეს წიგნები ჯერაც არ წაგიკითხავთ მე გირჩევდით ეს დრო გამოიყენოთ.
6. ჯეიმზ ჯოისის ულისე
ეს ძალიან რთულად წასაკითხი წიგნია. ის დაგტანჯავთ, თავ-ბედს გაწყევლინებთ, ჯვარს გაცვამთ, ავტორს გაგინებინებთ, მაგრამ თუ შეძლებთ და წაიკითხავთ, თქვენთვის ლიტერატურა კიდევ ახალ განზომილებას შეიძენს. ეს არის ერთ-ერთი წიგნი, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის ლიტერატურაზე.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე
წიგნების ჩამონათვალის მეორე ნაწილს knews წარმოგიდგენთ მომდევნო კვირაში.