ახალი ამბები

ნელი ხიზანიშვილი – კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის გადაწყვეტილება მიღებული არ არის

კახეთში პაციენტებისგან დაცლილი ოთხი საავადმყოფო, ახალი კორონა ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს მიიღებს და ვირუსის დადასტურებამდე მოემსახურება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი ნებართვა, მათი ადგილზე მკურნალობის შესახებ, გაცემული არ არის.

,,საეჭვო პაციენტები საავადმყოფოში მოთავსდებიან და ანალიზი კვლევისათვის გაიგზავნება თბილისში. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, გადაწყდება, სად გაგრძელდეს პაციენტის მკურნალობა.

ეს კეთდება იმისათვის, რომ მოქალაქეებმა არ იმოძრაონ ზედმეტად, რაც ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე, მკურნალობის ნებართვა არ აქვს არცერთ საავადმყოფოს. ამას სამინისტრო გადაწყვეტს, ვის რა შეუძლია”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს თელავის ცენტრალური სავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილიც.

,,ჩვენ ინფექციური განყოფილება საერთოდ არ გვაქვს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვამზადებთ ბოქსირებულ პალატებს და მივიღებთ საეჭვო პაციენტებს. იქნება მხოლოდ გადამისამართება, მკურნალობაზე ლაპარაკი ზედმეტია”, – აღნიშნა საჩიშვილმა.

კახეთში პაციენტების მისაღებად სამი მუნიციპალიტეტის ოთხი საავადმყოფო ემზადება. სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებისგან დაცლილია, ბოქსირებული განყოფილებები და საკარანტინო ზონები კი მომზადებულია.

დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონის სხვადასხვა საავადმყოფოში სულ ხუთი ინფექციონისტი მუშაობს.