თვითიზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის მოქალაქე 3000 ლარით დაჯარიმდება
ახალი საგანგებო მდგომარეობის პირობებში თვითიზოლაციისა და კარანტინის დარღვევაზე კანონი გამკაცრდება.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეთა მიერ წესების დარღვევის ასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა:
„ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ თუ როგორ ხდებოდა თვითიზოლაციის თუ კარანტინის წესების დარღვევა. ეს არ იყო ერთი და ორი შემთხვევა, ასზე მეტი ასეთი ფაქტი გამოვლინდა და ეს შუქდებოდა კიდეც. დიდი მადლობა ამისთვის ტელევიზიებს. აქედან გამომდინარე, ეს თუ ისევ გაგრძელდება, დაემატება ამას ადმინისტრაციული ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით, რაზეც უკვევისაუბრეთ და ბატონმა პრემიერმაც ისაუბრა. არაერთხელ გავაჟღერეთ ინფორმაცია ტელევიზიით. მეორე დარღვევის შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან ეს პირები. აღარ მოხდება მათი გადაყვანა კარანტინში ჯარიმისა და პასუხისგების გარეშე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.