,,საქმიანი ეზოების” მოწყობის პროექტი კახეთში – მოსახლეობის მოლოდინი და შეფასება
ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, საგარეჯოს, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ,,საქმიანი ეზოები” მოეწყობა. ხე–ტყის დამზადების პრაქტიკის შეცვლის შემდეგ სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, ეროვნული სატყეო სააგენტო კი ხე–ტყეს ორგანიზებულად დაამზადებს, დაახარისხებს და დაასაწყობებს „საქმიან ეზოებში“.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიზანია მოსახლეობას და კერძო სექტორს გაუადვილდეს ხე-ტყის შეძენა და ტრანსპორტირება, მას უარყოფითად აფასებენ კახეთის სოფლებში. მათი თქმით, ის პირები, რომლებიც შეშის მოტანით და გაყიდვით ირჩენენ თავს, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრები ზვიადი (სახელი შეცვლილია) წლებია ოჯახს ტყიდან მოტანილი შეშის გაყიდვით არჩენს. იგი შიშობს, რომ ახალი რეგულაციით მის ოჯახს ისედაც მცირე შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრება.
,,რამდენიმე ადამიანი ვართ სოფელში, რომლებსაც ახლომდებარე ტყიდან სოციალური ჭრების ფარგლებში გამოგვაქვს შეშა და ადგილზე ვყიდით. ამით ვარჩენთ ოჯახებს და ესეც თუ აღარ გვექნება, შემოსავლის გარეშე დავრჩებით’’, – განაცხადა knews. Ge-სთან საუბრისას ზვიადიმ.
ადგილობრივები, რომლებიც საშეშე მერქანს ჯერ ისევ იყენებს გასათბობად, განმარტავენ, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელება სათბობი მასალის გაძვირებას გამოიწვევს.
,,სოფლებში რომ გამოაქვთ ტყიდან ცხენებით შეშა, ისედაც გაძვირებულია, მაგრამ იძულებულები ვართ ვიყიდოთ, ზამთარში ხომ გვინდა გათბობა. როცა ეს ადამიანები აღარ გამოიტანენ და ამას სახელმწიფო გააკეთებს, გამოტანაზე თანხა დაიხარჯება და გასაყიდი ფასიც გაიზრდება. თუ ასე იქნება, ჩვენ შეშის ყიდვას ვეღარ შევძლებთ და იძულებულები ვიქნებით ბუნებრივი აირით გავთბეთ, რაც ორმაგი ჯდება’’,- განუცხადა knews. Ge-ს სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ლეილა ხელაშვილმა.
სატყეო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად, 2023 წლიდან დაგეგმილია საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკის გაუქმება, მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლას და საშეშე ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის, განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სოფლად მცხოვრებ ოჯახებს შეშის გარეშე დატოვებს. ნათია იორდანიშვილის მიუთითებს, რომ „საქმიანი ეზოების“ მეშვეობით მოსახლეობას ექნება საჭირო რაოდენობის შეშა და ტყეებიც უფრო დაცული იქნება.
,,90-იანი წლებდან ტყეების გადამეტებული ექსპლოატაცია მიდის იქიდან გამომდინარე, რომ შეშის მოხმარებაზე დამოკიდებულება საკმაოდ მაღალია. ეს გამოწვეულია იმით, რომ, სამწუხაროდ, შეშა რჩება ყველაზე იაფ და ხელმისაწვდომ საშუალებად ქვეყანაში. თუმცა ბოლო წლებში შეშის მოხმარებაც გაძვირდა, რადგან ეს ტყეები დასახლებულ ტერიტორიებს დაშორდა და შეშის გამოტანა გაძვირდა.
სატყეო სააგენტოს გააჩნია მერქნული რესურსით სარგებლობის ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ყველა ის საოჯახო მეურნეობა თუ კომლი, რომელსაც ეკუთვნის სოციალური ჭრის ფარგლებში შეშა. ასეთი დაახლოებით 600 000 კომლია დარეგისტრირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ ტყეში შევიდნენ და რაც უნდათ ის აკეთონ. შედეგები კი მძიმეა.
ის, რასაც ტყის კოდექსი გვთავაზობს, არის ასეთი ქაოტური მოწყობიდან ორგანიზებულ ხე-ტყით სარგებლობაზე გადასვლა. ეს გულისხმობს იმას, რომ ტყეში სამუშაოები განხორციელდება მხოლოდ ეროვნული სატყეო სააგენტოს ან მის მიერ ავტორიზირებული პირების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ჭრით მიღებული შეშის გასხვისება არ შეიძლება, მუნიციპალიტეტებში შეიძლება იყოს არაფორმალური ჯგუფები, რომელებიც აგროვებენ ბილეთებს, შედიან ტყეში, ჭრიან ხეებს და მოსახლეობას აწვდიან სერვისს.
ტყეში ოფიციალურად სწორედ ასეთი ადამიანები დასაქმდებიან. ისინი მომარაგებულები იქნებიან ასევე შესაბამისი აღჭურვილობით და ხელფასით. უსაფრთხოების ნაწილში კი მათ შესაბამისი წვრთნები ჩაუტარდებათ’’,– განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.
მისი თქმით, სოციალური ჭრების აკრძალვის შემდეგ, ტყეში მოჭრილი ხეები შეგროვდება ,,საქმიან ეზოებში’’, რომელიც მოსახელობისთვის ადვილად მისადგომ ადგილას იქნება და ყოველგვარი ლოდინის გარეშე მათ ნებისმიერ დროს მისვლა და შეშის ყიდვა შეეძლებათ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე აღნიშნავს, რომ “შეშაზე ფასი უნდა იყოს შენარჩუნებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე”.
ცვლილებების ერთ-ერთ მიზეზს ისიც წარმოადგენს, რომ, როგორც ნათია იორდანიშვილმა აღნიშნა, “იმის გამო, რომ შეშის მოხმარება დიდია, სამასალე მერქანს ვწვავთ ღუმელში და ყოველ ზამთარს გამოდის, რომ ქვეყანა წვავს ფულს ღუმელში, რომელიც შეიძლება უფრო სარგებლიანად ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამოვიყენოთ”.
შესაბამისად, ცვლილებების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გაუმარტივდეს ხელმისაწვდომობა საშეშე მასალაზე, გაიზრდება ფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულთა რიცხვი შეშის ღირებულების გაძვირების გარეშე.
“გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს კვლავ გადაეცემათ მერქნული რესურსი სოციალურად დაუცველებისთვის გადასაცემად. ამ შემთხვევაში კი შეიძლება როგორც სათბობი, ასევე სამასალე შეშის გადაცემაც, რომელიც შესაძლებელია ადამიანს სჭირდებოდეს რაიმე გადაუდებელი შემთხვევის გამო. მთლიანობაში კი იცვლება ტყეში შეშის მოპოვების წესი. ანუ გადავდივართ უფრო ცივილურ ფორმაზე’’,– განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.
სატყეო ეროვნული სააგენტო სამომავლოდ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს მინიმუმ ერთი “საქმიანი ეზოს” მოწყობას.