ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება
სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. შეზღუდვა ეხება ყველას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.
„მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ“, – აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოქალაქეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას:
„დღეს პრიორიტეტია ცხოვრების ისეთ წესზე გადასვლა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად იზოლირებულები. გადაადგილება უნდა მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას. ამ განსაკუთრებული აუცილებლობისას უნდა იქნას გამოყენებული პერსონალური ავტოტრანსპორტი. თუ თქვენი გადაადგილება დაკავშირებულია საზოგადოებრივ აუცილებლობასთან, სახელმწიფო საქმიანობის აუცილებლობასთან, ან კონკრეტული კერძო კომპანიის, თუ ფირმის მუშაობის აუცილებლობასთან და მას აქვს ძალიან დიდი, სასიცოცხლო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში, ხდება ასეთი გადაადგილების უზრუნველყოფა. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ მოგზაურობების დრო დროებით შეწყვეტილია, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.