კორონავირუსის გავლენა კახეთის ეკონომიკასა და ტურიზმზე
COVID 19-ის საქართველოში გავრცელებამ და ქვეყნებს შორის შეწყვეტილმა მიმოსვლამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ტურისტულ სექტორს. კახეთის რეგიონში მოქმედი აგროტურისტული ცენტრების, საოჯახო სასტუმროების, მცირე ბიზნესის და საოჯახო მარნების მფლობელები ტურისტების მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოქმედი აგროტურისტული ცენტრის მფლობელი აღნიშნავს, რომ მარანს ყოველდღიურად ათეულობით ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა, ახალი კორონავირუსის გამო, ტურისტების ვიზიტმა მკვეთრად მოიკლო. სალომე მათიაშვილის განმარტებით, ტურისტულად აქტიური პერიოდი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უცხოელმა ტურისტებმა მათთან ჯავშანი უკვე გააუქმეს. მეწარმე შიშობს, რომ ასე გაგრძელდა, ტურისტული ბიზნესი სერიოზულ ფინანსურ ზარალს ნახავს.
,,ძალიან არის შემცირებული ტურისტების რიცხვი. ჩემთან მარტში 13 ჯავშანი გააუქმეს. საშინელი მდგომარეობაა, თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება, ტურისტული ბიზნესი საერთოდ მოკვდება საქართველოში. მაისის თვეშიც არის ჯავშნები და იმედია, ტურისტები არ გააუქმებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი ძირითადად მარტიდან იწყება და ნოემრბის შუა რიცხვებამდე გრძელდება, ჩვენთან ნებისმიერ დროს მოდიან ტურისტები და გასულ წელს ზამთარშიც აქტიური მუშაობა გვქონდა’’, – განაცხადა knews. Ge-სთან საუბრისას სალომე მათიაშვილმა.
კორონავირუსის გავრცელების გამო ტურიზმის მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში მოქმედი ,,ლექსოს მარნის“ მფლობელიც. ალექსი ფიცხელაური მიუთითებს, რომ თუ თუ ვითარება არ გაუმჯობესდება, მთელი წლევანდელი სეზონი ჩავარდება და ბევრი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
,,ტურისტების რიცხვი შემცირებულია, თუმცა ჯერ მაინც არ არის აქტიური ტურისტული სეზონი და ისე მწვავედ არ იგრძნობა ეს პროცესი. ვნახოთ, აპრილის მეორე ნახევრიდან რა სიტუაცია იქნება. მაგალითად: გუშინაც მყავდა სტუმრები ამერიკიდან და რუსეთიდან. ძირითადად ევროპიდან მოიკლო ტურისტების რაოდენობამ’’,– აცხადებს knews. Ge-სთან საუბრისას ალექსი ფიცხელაური.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი განმარტავს, რომ საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ თელავის მუნიციპალიტეტში სერიოზულად დააზარალა ტურისტული ბიზნესი. დიანა ფხოველიშვილის თქმით, საოჯახო სასტუმროებში, მარნებსა და ქარხნებში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება და ჯავშნები უქმდება.
,,კახეთში ტურისტული სეზონი იწყება აპრილის დასაწყისში, თუმცა ამ დროისთვის ყველა ჯავშანი სასტუმროებში გაუქმებულია. ეს არის მარტის და აპრილის ნახევრის ჯავშნები, თუმცა ყველა სასტუმრო ჩვეულებრივ ფუნქციონირებს და არ დაკეტილა. ისინი მზად არიან მიიღონ ტურისტები, თუმცა კორონავირუსის საფრთხის და ფრენების შეფერხების გამო თავად ტურისტები აუქმებენ ჯავშნებს.
მიმდინარე პროცესმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ბიზნესზე. ტურისტების ნაკლებობა ასევე ქალაქშიც შეიმჩნევა. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საოჯახო სასტუმროებთან. სამწუხაროდ, გაუქმებული ჯავშნების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. იყო შემთხვევა, როცა ჩეხეთიდან და რუსეთიდან სურდათ ჩამოსვლა სტუმრებს და თავად სასტუმროებმა უსაფრთხოების გამო არ მოინდომეს მათი მიღება. სხვაგან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები დაიკეტა და დისტანციურად მუშაობენ, თუმცა ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას’’,- აღნიშნა knews. Ge-სთან საუბრისას დიანა ფხოველიშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამთავრობო უწყებები და საჯარო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში კი თითქმის ორი კვირაა, რაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
COVID-19 საფრთხის გამო, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდული რეჟიმი ვრცელდება გერმანიაზე, საფრანგეთზე, ავსტრიაში, ესპანეთზე, იტალიაზე, ჩინეთზე, სამხრეთ კორეასა და ირანზე.