არჩევნებიახალი ამბებისტატიები

3 მაჟორიტარული ოლქი კახეთში და 2020-ის ახალი საარჩევნო მოდელი

2020 წლის მოწვევის პარლამენტში კახეთის რეგიონს სავარაუდოდ 3 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო განაწილების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 აღმოსავლეთ საქართველოში იქნება.

,,გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა, საზღვრები და სხვა შესაბამისი ფაქტორები, დიდი ლავირების საშუალება არ არის. აქედან გამომდინარე საკითხი არის არსებითად ტექნიკური. საკმაოდ მსხვილი ოლქები ყალიბდება ახალი გადანაწილების საფუძველზე, რიგ შემთხვევაში იქნება 4-5 მუნიციპალიტეტი ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რაც ცვლის პრინციპში მაჟორიტარული არჩევნების სპეციფიკას გარკვეულწულად, თუმცა ეს არის ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი საზღვრები“, – განაცხადა წევრმა ირაკლი კობახიძემ.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ახალ საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ქართველი ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევას უკავშირებს. გიორგი ბოტკოველი მიიჩნევს, რომ საარჩევნო მაჟორიტარული ოლქები ქვეყნის კონსტიტუციის, საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებისა და ვენეციის კომისისიის დასკვნის მიხედვით, უნდა იყოს თანაბარი.

,,ოლქები უნდა იყოს თანაბარი და ლოგიკურად თუ დავითვლით, კახეთში 3 საარჩევნო ოლქი იქნება. ჯერ ცნობილი არ არის, ოლქები სად, როდის და როგორ დაიყოფა. ვაგრძელებთ მსჯელობას და ოპოზიციას შორის ერთ მაგიდასთან მოლაპარაკებების ფორმატის გათვალისწინებით, უნდა შევთანხმდეთ საერთო მაჟორიტარებზეც. ეს შეთანხმება არის პირველი ნაბიჯი იმისა, რაც ქართველმა ხალხმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეძლეს. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა უკან დაიხია. ეს არ არის ის, რა პირობაც დადო და რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის, რომ პროპორციულთან ნაწილობრივ მიახლოვებულ სისტემაზე შეთანხმება მიღწეულია, იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის პარლამენტის და იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ამ კონკრეტულ ქვეყნებს წარმოადგენენ, ასევე, ოპოზიციის და ხელისუფლების. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა ეს ჯერ არ არის გამარჯვება. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება მოვლენები“, – ამბობს knews-სთან გიორგი ბოტკოველი.

შეთანხმების მიხედვით კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით, 1%-იანი ბარიერით და კიდევ ერთი შეზღუდვით ჩატარდება: პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. ხანგრძლივი ,,ნერვების ომის“ შემდეგ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შესაბამისი დოკუმენტი, დეკლარირებული ვალდებულებებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, 8 მარტს, გაფორმდა. შეთანხმებას ყველა პარტიამ მოაწერა ხელი.

,,თელავის დემოკრატიის სკოლის“ ხელმძღვანელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ შეთანხმებას უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს. ნიკოლოზ შარვაშიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იყო კარგი, რომელმაც პოლარიზებული გარემოს და არსებული კრიზისის განმუხტვას შეუწყო ხელი. მისივე თქმით, საზოგადოებას იმის შესაძლებლობა ეძლევა, რომ არჩევანი მხოლოდ ორ ძალას: ცუდსა და უარესს შორის აღარ გააკეთოს.

,,რაც შეეხება მაჟორიტარებს, ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადაგან 2024 წლიდან სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ და შესაბამისად, ეს დაყოფა იქნება ერთჯერადი. მთავარია, რომ ყველამ იმუშაოს მეტ-ნაკლებად თანაბარი მაჟორიტარული ოლქების გადასანაწილებლად, რომ რომელიმე მხარისთვის უპირატესობა წინასწარ არ გაფორმდეს.

ერთი მხრივ, ეს იყო შიდა ზეწოლის, მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების აქტიურობის მიზეზი და მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში. რომ არა მათი მონდომება და სურვილი, რომ კონსენსუსი ყოფილიყო, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მათი ჩარევის გარეშე, ამას ვერ მოახერხებდა. მიღწეულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სისტემა იძლევა შედარებით თანაბარ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი იყოს წარმოდგენილი. ისინი, რომლებსაც, რა თქმა უნდა, მხარს საქართველოს მოსახლეობა დაუჭერს.

იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შესრულდება, რადგან თუ კიდევ ერთხელ განმეორდება ის, რაც ერთხელ უკვე მოხდა, იქნება ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა აღარ მოითმენს. ახლა მთავარია, რომ ეს კანონპროექტი და ინიციატივა იქცეს საკონსტიტუციო ცვლილებად და შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია, როგორი საარჩევნო კანონმდებლობა გვექნება“,- განმარტავს knews-სთან ნიკოლოზ შარვაშიძე.

მმართველ გუნდში ხელისუფლების ამ ნაბიჯს დესტაბილიზაციის თავიდან აცილებას უკავშირებენ. ,,ქართული ოცნებიდან“ და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლევან კოჭლოშვილი ირწმუნება, რომ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების მიზანი ქვეყენაში დესტაბილიზაცია იყო.

,,შეთანხმების მიზანი ის იყო, რომ დესტაბილიზაცია და გარკვეული სახის პროვოკაციები არ მომხდარიყო. შეთანხმება იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის. იმ 33 პარტიის ამოცანა, რომელიც ერთადაა შეკრებილი, დესტაბილიზაცია იყო, ამიტომ მოხდა ოპტიმალური შეთანხმება. მე მაჟორიტარების შემცირების მომხრე არ ვიყავი. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, საქართველოს ისინი არ ჰყავს და 50 მილიონის გამფლანგველი და ქურდაბცაცა ადამიანი არ არის პოლიტპატიმარი“, – აცხადებს knews-სთან ლევან კოჭლოშვილი.

საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე შეთანხმებული ახალი საარჩევნო მოდელით, საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება.

 

ავტორი: ნატო მეგუთშვილი