კახეთის 6 სკოლას სველი წერტილები შენობის გარეთ აქვს
ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 6 საჯარო სკოლას სველი წერტილები შენობის გარეთ აქვს.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ეს პრობლემაა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის გურჯაანის სოფელ ახაშნის, ლაგოდეხის სოფელ კაბლის პირველ და მეორე, საგარეჯოს სოფელ იორმუღალოსა და თელავის მეოთხე საჯარო სკოლებში.
სააგენტო ითოვს ნებართვას, ტენდერის გარეშე, მოკლე ვადაში შეისყიდოს ჰიგიენური საშუალებების დისპანსერები და ხელის სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც იმ სკოლებში დაამონტაჟებენ, სადაც სველი წერტილები შენობის გარეთ არის და ბავშვებისთვის პირად ჰიგიენაზე ზრუნვისას დაბრკოლებას წარმოადგენს.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებით ღონისძიების სახით მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებების ნუსხის შესაბამისად საქართველოს საჯარო სკოლებისთვის სამინისტროს მიერ შესყიდულ იქნას დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების ერთი თვის მარაგი”, – ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტენდერის ჩატარების შესახებ 11 მარტს მიიღება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 3000 დისპენსერი და 10 000 ლიტრი სითხე სკოლებს უნდა მიაწოდოს. დანარჩენი რაოდენობების სრულად მიწოდების ბოლო ვადად კი 30 აპრილია განსაზღვრული.