გურჯაანში მოქალაქემ თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვია
გურჯაანში მოქალაქემ, რომელიც იტალიიდან დაახლოებით ერთი კვირის წინ დაბრუნდა, თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვია.
იტალია კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მაღალი რისკჯგუფის ქვეყანაა.
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ამ ეტაპზე არ არის საჭირო შიდაიზოლაციის დამრღვევ პირის საკარანტინო სივრცეში გადაყვანა.
მანანა გოგაშვილის განმარტებით, ის მკაცრად გააფრთხილეს და თვითიზოლაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
“ეს ადამიანი თვითიზოლაციაში დაახლოებით 6 დღეა, რაც იმყოფება. მან დაარღვია თვითიზოლაციის რეჟიმი. რეაგირების მიზნით პოლიცია ჩავრთეთ. მას მიეცა მკცარი გაფრთხილება და თუ კიდევ დაარღვევს, მოუწევს საკარანტინო სივრცეში გადაყვანა”, – განაცხადა მანანა გოგაშვილმა.
მისივე თქმით, გურჯაანში თვითიზოლაციაში 9 ადამიანი იმყოფება, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აქვთ.