კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთში თვითიზოლაციაში 57 ადამიანი იმყოფება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, კახეთში თვითიზოლაციაში 57 ადამიანი იმყოფება.
განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, მოქალაქეები თვითიზოლაციაში იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის გამო არიან, რადგან საინკუბაციო პერიოდი ამ დროისთვის გასული არ არის.
,,კახეთის რეგიონში სულ 57 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. აქედან ახმეტის მუნიციპალიტეტში 10, გურჯაანში 7, თელავში 14, ლაგოდეხში 5, საგარეჯოში 7, სიღნაღში 8 და ყვარელში 6. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მათ აქვთ კორონავირუსი. მათ იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და საინკუპაციო პერიოდის გასვლამდე დავაკვირდებით. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირი დაარღვევს თვითიზოლაციის რეჟიმს, მათ თბილისში, საკარანტინო სივრცეში მოხდება მისი გადაყვანა”,- განუცხადეს knews.ge-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების წარმომადგენლებმა.
მათი თქმით, როგორ იცავენ აღნიშნული პირები თვითზოლაციასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, სოფლებში მერების წარმომადგენლებთან და პოლიციასთან ერთად ყოველდღიურად აკვირდებიან.