22 წლის მოცეკვავე თელავიდან
22 წლის სტუდენტმა თაზო ხალხელაურმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაფარეულსა და აკურაში ცეკვის სტუდია გახსნა.
თანამედროვე ცეკვების მოყვარულმა ამ მიმართულებით რამდენიმე წლიანი გადამზადება გაიარა და მეგობრებთან ერთად სტუდია “გრინ ლაითი” ჩამოაყალიბა. თაზო სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ცეკვებს ასწავლის.
,,კახეთში ახალგაზრდებისთვის პრობლემაა სამსახურის შოვნა. უმუშევარი ვიყავი, მაგრამ მე გამოვნახე საშუალება, თავად დავსაქმებულიყავი. მივიღე განათლება ცეკვის მხრივ და ამ სფეროში მუშაობა 4 წლის წინ დავიწყე.
როდესაც ბავშვებისგან მოვისმინე, რომ ცეკვის სწავლის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, დავთანხმდი და არ მიფიქრია იმაზე, თუ რამდენი იქნებოდა ჩემი შემოსავალი. ჩემთვის უფრო ბედნიერებაა ის, როცა სხვას ვაბედნიერებ.
სამომავლო გეგმებში გვაქვს, რომ youtube-ზე შევქმნა არხი, სადაც ავტვირთავთ ჩვენი მოსწავლეების ცეკვებს”,– განუცხადა knews.ge-ს თაზო ხალხელაურმა.