,,საპარტნიორო ფონდი” -საგარეჯოში მიწის პრობლემის გადაწყვეტა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ დავას ეხმაურება. დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ფონდისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება.
მისი თქმით, „საპარტნიორო ფონდს“ კახეთში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებასა და ზეთისხილის საწარმოს აშენებისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 522 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გადაეცა.
საგანელიძის განმარტებით, მოსახლეობის ნაწილმა პრეტენზია გამოთქვა მიწის ნაკვეთების შესახებ და ამ საკითხის მოგვარების მიზნით ფონდი აქტიურად მუშაობს.
„522 ჰექტარზე უნდა დაგვეწყო მიწის დამუშავება. აღმოჩნდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს გაუჩნდა პრეტენზია, რომ გადაიფარა მიწის ის მონაკვეთი, რომელსაც თავად ამუშავებდნენ.
ეს მიწა მათ საკუთრებაში რეგისტრირებული არაა, თუმცა მათი ნაწილი აცხადებს, რომ მიწას ამუშავებდნენ ან წლების წინ იჯარით ჰქონდათ აღებული. მინდა განვაცხადო, რომ ყველას ინტერესი მაქსიმალურად იქნება დაცული.
სათითაოდ ვიმუშავებთ თითოეულ საკადასტრო კოდზე და 522 ჰექტარიდან გამოვყოფთ იმ მიზანს, რომელზეც ამ ადამიანებს აქვთ ინტერესი, რათა არც ერთი ოჯახის ინტერესი არ შეილახოს. ამ ოჯახების ინტერესების დამცველი უპირეველეს ყოვლისა „საპარტნიორო ფონდი“ იქნება.
არც ერთი გლეხი არ იქნება უკმაყოფილო, თუმცა არც არავის მივცემთ უფლებას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩაიშალოს“,-აცხადებს საგანელიძე.
მისივე თქმით, „საპარტნიორო ფონდი“ მოსახლეობას მიწების დაკანონების კუთხით დაეხმარება და ასევე აღნიშნულ პროექტში კოოპერირებას შესთავაზებს.
შეგახსენებთ გასულ კვირას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომლებსაც ისინი ამუშავებდნენ, საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, მუნიციპალიტეტმა კი იგი ფარულად საპარტნიორო ფონდს გადასცა.