გურჯაანის სასამართლომ არასრულწლოვანთან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანთან სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დამნაშავედ ცნო და მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
დაზარალებული არასრულწლოვნის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის- HRC კახეთის ოფისის იურისტი ლია ხუროშვილი იცავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე ადანაშაულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის ივნისში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაორსულდა. მან ბავშვი 2019 წლის 31 მაისს გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ მსჯავრდებული ი. ბ. ბავშვის ბიოლოგიური მამაა.
უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარის გახმაურების შემდეგ, დამნაშავის სასაჯელისგან თავის არიდების მიზნით, არასრულწლოვან გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ბოჭი 16 წლის ასაკში გოგონაზე დაქორწინდებოდა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიესალმება როგორც აღნიშნული საქმის გასახსნელად საგამოძიებო უწყების აქტიურ მუშაობას, ისე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მსგავსი სახის დანაშაულების პრევენციისთვის სამართალდამცავთა რეაგირებასა და დამნაშავეთა დასჯას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს, მაგრამ ასევე აუცილებელია, ხელისუფლებამ გააძლიეროს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პრევენციული მექანიზმები, სისტემური და კომპლექსური მეთოდებით.
აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებზე და აღნიშნულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება დაიგეგმოს მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.