ახმეტაში თვითიზოლაციაში 10 ადამიანი იმყოფება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხის გამო ახმეტის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 10 ადამიანი იმყოფება.
მისი თქმით, როგორ იცავენ აღნიშნული პირები თვითზოლაციასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ყოველდღიურად აკვირდებიან.
,,დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში ახმეტაში 10 მოქალაქე იმყოფება. ყველა პირთან გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი როგორც პირადად, ასევე ტელეფონით და ვამოწმებთ იმას, თუ როგორ იცავენ ეს ადამიანები იმ მოთხოვნებს რაც დაწესებულია. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მათ აქვთ კორონავირუსი. მათ იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და საინკუპაციო პერიოდის გასვლამდე დავაკვირდებით”,– განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირი დაარღვევს თვითიზოლაციის რეჟიმს, მათ თბილისში, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.