კორონავირუსის საფრთხის გამო თელავში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი იმყოფება
კორონავირუსის საფრთხის გამო თელავის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი იმყოფება.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, მოქალაქეები თვითიზოლაციაში იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის გამო არიან, რადგან საინკუბაციო პერიოდი ამ დროისთვის გასული არ არის.
,,ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მათ აქვთ კორონავირუსი. მათ იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და საინკუპაციო პერიოდის გასვლამდე დავაკვირდებით”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, თუ როგორ იცავენ აღნიშნული პირები თვითზოლაციასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ყოველდღიურად აკვირდებიან.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირი დაარღვევს თვითიზოლაციის რეჟიმს, მათ თბილისში, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 55 ადამიანი იმყოფება.