120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატი – 2020-ის საარჩევნო მოდელი
საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა , – ამის შესახებ ფასილიტატორი ელჩების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პოლიტიკურ დიალოგს ეხება.
ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის , – ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას. განცხადება მან აშშ- ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
,,მას შემდეგ, რაც კითხვებს სვამდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან მსიამოვნებს აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს, მივაღწიეთ შეთანხმებას, ყველა მონაწილემ მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში, რომელიც უკვე ჩვენს ვებ- საიტზე დევს. ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ ყველას მივულოცო ის, რომ შეთანხმება, კომპრომისი არის მიღწეული. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ მოხდა დეპოლარიზაცია ამ სიტუაციის მომავალი არჩევნების კონტექსტში,”– განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის საკითხებს ეხება.
“ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად, დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო კანონმდებლობით.
30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად. საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარმოადგენს საარჩევნო ოლქების განაწილების თაობაზე მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში ინიცირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით”,– ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.