კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთში თვითიზოლაციაში 47 ადამიანი იმყოფება
კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.
როგორც knews,ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ყოველდღიურად აკვირდებიან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობიდან 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი ჯერ არ გასულა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, იმ პირებს, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის რეჟიმს, გადაიყვანენ საკარანტინო სივრცეში.
,,7 მარტის მონაცემებით, თვითიზოლაციაში კახეთში 47 ადამიანი იმყოფება. ახმეტაში 9, ყვარელში 5, სიღნაღში 5, ლაგოდეხში 5, გურჯაანში 9, თელავში 10 და საგარეჯოში 4 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში.
ყველა პიროვნებას ყოველდღიურად რამდენჯერმე ამოწმებენ როგორც სამართალდამცავები, ისე სოფლებში მერებისა წარმომადგენლები. ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციის ნაწილი ჩვენ მოვიძიეთ, ნაწილი თბილისიდან მოგვაწოდეს. ასევე თავად მოსახლეობაც გვირეკავს და გვატყობინებს ამბავს. ჩვენ ამ ინფორმაციას დეტალურად ვამოწმებთ და მერე ვიწყებთ მათთან მუშაობას”, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ნელი ხიზანიშვილმა.
ხიზანიშვილის განმარტებით, მოქალაქეების თვითიზოლაცია იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობამ გამოიწვია, რადგან საინკუბაციო პერიოდი, რომელიც 14 დღეს მოიცავს, ამ დროისთვის გასული არ არის.
,,ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მათ აქვთ კორონავირუსი. მათ იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე დავაკვირდებით”, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსი საქართველოში 15 ადამიანს დაუდასტურდა.