ახალი ამბები

ლაგოდეხში საზღვარზე უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე საქართველოში მაღალი ტემპერატურითა და ახალი პასპორტით შემოსვლას ცდილობდა

ბოლო ორ დღეში ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის გადმოკვეთის უფლება, უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს არ მისცეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახალი პასპორტით მოქალაქეები მოგზაურობის ისტორიის დამალვას ცდილობდნენ.

,,უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე მაღალი ტემპერატურითა და ახალი პასპორტით ცდილობდა საზღვრის გადმოკვეთას. ახალ პასპორტში სამოგზაურო ისტორია ნაჩვენები არ არის, რის გამოც სავარაუდოა, რომ ასეთი მგზავრები იმყოფებოდნენ რისკ ჯგუფ ქვეყნებში.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ირანთან მიმოსვლა შეზღუდა, მგზავრთა ნაკადი შემცირებული იყო, ახლა ისევ მოიმატა”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

25 პირს შორის 24 აზერბაიჯანის და 1 უკრაინის მოქალაქე იყო. კახეთში ამ დროისთვის არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში COVID 19 შესაძლო სიმპტომით არცერთი პაცინტი არ მკურნალობს.

თვითიზოლაციაში კი,რისკ ჯგუფის ქვეყნებიდან დაბრუნებული 47 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან ერთად, პოლიციაც აკონტროლებს.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.