ახალი ამბებისტატიები

როგორია დასაქმების პერსპექტივა სოფლებში

დასაქმების რა პერსპექტივა  არსებობს  სოფელში, სადაც მოსახლეობის დიდი  ნაწილი სოფლის მეურნეობას მისდევს და ძირითადად, თვითდასაქმებულია.  რამდენად იზირებს ხელისუფლება ამ მიმართულებით არსებულ  ევროპულ გამოცდილებას?  

დასაქმების პრობლემა ქვეყანაში რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და დღემდე გადაუჭრელი საკითხია, ამას, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები  აღიარებენ.  ქვეყნის მოსახლეობაც ყველაზე ხშირად აქცენტს დასაქმების უპერსპექტივობაზე აკეთებს. ამ კუთხით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფლებში, სადაც არც ფაბრიკებია, არც ქარხნები და ადგილობრივები, რომლებიც, ძირითადად, თვითდასაქმებულები არიან, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამუშავებით არიან დაკავებული.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მცხოვრები პედაგოგი ნანა ქიბიშაური ამბობს, რომ სოფლებში დასაქმების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, თვითდასაქმებულები კი, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები არიან:

,,საჭიროა, რომ სოფლებში ბევრი ხელშემწყობი პროექტი განხორციელდეს, რომლებიც ახალგაზრდებს  დააინტერესებს.  უნდა იყოს შესაბამისი  სახელმწიფო პროგრამები. აუცილებელია,  ასევე,  სერვისზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება.   საბანკო სისტემა უნდა იყოს უფრო მოქნილი და მორგებული, რომ სოფლის მეურენობის მიმართულებით პროგრამები უფრო მარტივად დაფინანსდეს და  სულ ერთასა და იმავე ხალხს არ აფინანსებდნენ, მათ, ვინც გზა გაიკვალა, პროექტების წერა და ბიუჯეტის დაგეგმარება ისწავლა. დამწყებთათვის და  სტარტაპებისთვის არც ინფორმაცია და ტრენინგებია, შესაბამისი რაოდენობით. სოფლის ახალგაზრდებთანაც უნდა ჩატარდეს საინფორმაციო შეხვედრები, რომ  ისინი საკუთარ ძალებში დარწუნდნენ და სხვისგან არ ელოდნენ ინიციატივებს“,-ამბობს Knews-სთან ნანა ქიბიშაური.

სოფლის მოსახლეობას, სადაც სამუშაო ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს,  მეფუტკრეობის პროექტი შესთავაზა და ახალგაზრდებს თვითდასაქმების შესაძლებლობა მისცა არასამთავრობო ორგანაზიაციამ ,,ვორლდ ვიჟენი”

,,ახალგაზრდებს ვაძლევდით კონკრეტულ ცოდნას და ბიზნეს-გეგმების  მომზადებაში ვეხმარებოდით, რომ  მიეღოთ შესაბამისი ინვენტარი და გამხდარიყვნენ თვითდასაქმებულნი.  ასევე, გვაქვს მეორე კომპონენტიც, სადაც უშუალოდ ვმუშაობთ მოწყვლად ჯგუფებთან: ოჯახებს ვაძლევთ თვიდდასაქმების საშუალებას.  შევისწავლით კონკრეტული ადამიანის უნარებს და კომპეტენციებს და შესაბამისი  მიმართულებით   ვუძებნით სამსახურს, ან ვაძლევთ   ისეთ ტექნიკას, რისი მეშვეობითაც მცირე ბიზნესის დაწყებას შეძლებენ,“-აცხადებს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნანა ათუაშვილი.

ნანა ათუაშვილი ყურადღებას სპეციალურ კოლეჯებზე ამახვილებს, სადაც ახალგაზრდებს ბაზარზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.  ეს კი, მისივე თქმით, აუცილებელი წინაპირობაა იმ ფონზე, როდესაც დამსაქმებელებს ზოგჯერ რეალურად  აქვთ სამუშაო ადგილები, მაგრამ ხშირად ეს არის  ვიწრო სპეციფიკური სპეციალობები და შესაბამისი კადრის მოძებნა რთულდება.

ხელისუფლებას ევროპული გამოცდილების გაზიარებას და სოფლებში ფერმერული გაერთიანებების შექმნას ურჩევს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელოს“  კახეთის რეგიონული ოფისის  ხელმძღვანელი  ვასილ კობიაშვილი. მისი თქმით,  სახელმწიფომ გადაწყვეტილებები  გლეხების  მაგიერ არ უნდა მიიღოს და ხელი უნდა შეუწყოს, რეფერენდუმის სახით, ,,გლეხების საბჭოს“ ჩამოყალიბებას, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. ვასილ კობიაშვილი ამბობს, რომ:

,,სახელმწიფომ უნდა შექმნას პატარა ფერმერული გაერთიანებები, რომლებსაც ექნებათ საერთო საწარმოო შრომის იარაღები და უნდა დაეხმაროს მათ შეღავათიანი კრედიტით.  ასევე, უნდა უზრუნველყოს ევროპული სერტიფიცირების მიმნიჭებელი კომპანიების შექმნა თელავში, რომლებიც  შესაბამისი ინსტრუქციების საშუალებით ურჩევენ   გლეხებს, თუ  როგორ უნდა მოიყვანონ ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი და გაიარონ ISO სერტიფიცირება საქართველოში (პროდუქციის სერტიფიცირება ევროპული სტანდარტების მიხედვით). სახელმწიფომ, ასევე,  უნდა მოხდინოს თელავის აეროპორტის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტებით და ხელი შეუწყოს ღვინის ტურიზმის განვითარებას ყველა სეზონზე, რომ გლეხმა  გაიღვიძოს, მოიშოროს ნიჰილიზმი და  პერსპექტივის განცდა გაუჩნდეს“.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ადგილობრივი თვითმმართველობების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან დირექტივებს  არ დაელოდონ და კერძო ინიციატივები განახორციელონ. მაგალითად, ასე მოიქცა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია. ადგილობრივმა საკრებულომ ახალგაზრდული სტრატეგია, 200 000 ლარის ფარგლებში, დაამტკიცა. პროექტი   2020 წლისთვის 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდების ბიზნეს-გეგმების დაფინანსებას ითვალისწინებს. საქმე ეხება, როგორც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, ბიზნეს-გეგმების დაფინანსებას:

  ,,პროექტი ეხება როგორც სოფლებს, ასევე, ქალაქს. გამოვაცხადეთ კონკურსი, მივიღეთ განაცხადები. განაცხადები განიხილა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. გვაქვს რამდენიმე ათეული ბიზენს-გეგმა. სანამ განაცხადებს შემოიტანდნენ, დავიქირავეთ ბიზნეს-კონსულტანტი თუ რა ფორმით და როგორ უნდა წარმოედგინათ საჭირო  დოკუმენტი ახალგაზრდებს, რომ სამართლებრივად  მოწესრიგებული  ყოფილიყო. საბოლოოდ, 8 ახალგაზრდა გადავამზადეთ. პროგრამა ითვალისწინებს კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასახვა პროფესიულ სასწავლებლებში. ორშაბათს დავამტკიცებთ 15 ბიზნეს-გეგმას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ადგილები და მიგრაციის შემთხვევიც იმედ გვაქვს, რომ შემცირდება”, აცხადებს Knews-სთან ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი.

როგორც  ყვარლის მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან,  ამ ინიციატივის  მიმართ მოსახლეობის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ადგილობრივი ხელსუფლება თანხების  მოძიებას და პროექტის მეორე ეტაპის დაწყებას გეგმავს.

 

ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი