ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან ერთი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტიდან საქართველოს ერთი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც knews.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა, მგზავრი ქალბატონია, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ის საქართველოს საზღვარზე შეამოწმეს და, მიუხედავად იმისა, რომ მას კორონა ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ამჟამად არ აღენიშნება, მაინც გადაწყვიტეს ზომების მიღება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე, ორი კვირის განმავლობაში, ქალს ბოქსირებულ პალატაში მოათავსებენ და დააკვირდებიან.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე მამაკცს დაუდგინდა. ის ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.