კახეთში ნარჩენების კომპოსტირება და დახარისხება ამ დრომდე არ დაწყებულა
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, 2016- 2017 წლებში კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმები შემუშავდა.
ამის მიუხედავად კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში ნარჩენების კომპოსტირება და დახარისხება არ დაწყებულა.
5 წლიანი გეგმები მოიცავს მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციას, შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს და სხვა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახა სუხიტაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტებს ნარჩენების სეპარირება ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დაეწყოთ, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა.
,,ამ ეტაპზე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ეს გეგმა, რომელიც 2017 წლის ბოლოს საკრებულოებმა დაამტკიცეს. ეს გეგმები არის სამუშაო დოკუმენტი და მერიები და შესაბამისი სამსახურები ვალდებულები არიან, რომ ამ გეგმის მიხედვით განახორციელონ თავიანთი საქმიანობები, რომელიც ეხება ნარჩენების მართვას.
ამაში მთავარი რა თქმა უნდა არის ნარჩენების სეპარირების დაწყება მუნიციპალიტეტებში, რაც 2019 წლიდან ყველას უნდა დაეწყო.
სამწუხაროდ მუნიციპალიტეტებში ამ კუთხით ხელშესახები არაფერი არ არის გაკეთებული. უფრო მეტიც, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის იმ სამსახურის წარმომადგენელს, რომელსაც ევალება ეს საკითხი, აღნიშნული გეგმა არც გადაუშლია.
მთავარია ეს ყველაგერი უნდა იყოს ეფექტიანი, რომ მარტო ნარჩენის ნაგავსაყრელზე გატანაზე კი არ ვიყოთ ორიენტირებული, არამედ მიექცეს ყურადღება ადგილზე სეპარაციას. მაგალითად ქუჩებში და ოჯახებში ნარჩენის სეპარაციას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი წავიდეს ნაგავსაყრელზე და მეტი დახარისხებული ნარჩენი შეგროვდეს’’,- განუცხადა knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ წელს სეპარირესთვის ნაგვის ურნების ყიდვას გეგმავენ.
მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, დავით ქსოვრელიშვილის უნფორმაციით, ნარჩენების სეპარირება, დახარისხება და გადამუშავება 2022 წლიდან დაიწყება.
,,წელს დაგეგმილია სეპარირებისთვის ნაგვის ურნების ყიდვა და განთავსება. 2021 წელს კი დაგეგმილი გვაქვს ბიუჯეტით ვიყიდოთ შესაბამისი ტექნიკა კომპოსტრებისათვის. 2022 წელს კი ვიყიდით შესაბამის მანქანებს სეპარირებული ნარჩენების შესაგროვებლად.
საბოლოოდ კი 2022 წელს ჩვენ გვექნება ურნები, კომპოსტირების აპარატი და მანქანაც და დავიწყებთ ნარჩენის დახარისხებულად შეგროვებას.
ამ გეგმის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს იმას, რომ მოისპობა სტიქიური ნაგავსაყრელები, ეკოლოგიური ფონი გაუმჯობესდება და ნარჩენები შეგროვდება სეპარირებულად’’,– აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას დავით ქსოვრელიშვილმა.
ექსპრეტები ნარჩენების სეპარირებასთან ერთად ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირების აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.
თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი კოტე კანდელაკი განმარტავს, რომ ნარჩენების დახარისხება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირებას და მათი ნაკლები რაოდენობის მოხვედრას ნაგავსაყრელებზე, რაც შეამცირებს დაბინძურების რისკს.
,,მხოლოდ სეპარაცია, ნარჩენების მართვა ან ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არ არის მთავარი, ამასთანავე აუცილებელია ამ მიმართულებით მოსახლეობის სწორად ინფორმირება’’,- აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას კოტე კანდელაკი.
მანამ სანამ მუნიციპალიტეტები აღნიშნული კუთხით აქტიურობას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შეძლებენ, შპს “ეკოლაიფის” პროექტის ,,ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნარჩენების განცალკევებისათვის განკუთვნილი ურნები განთავსდება, შეგროვილი ნარჩენები კი შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადაეცემა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის(CENN) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.
ნარჩენების განცალკევულად შეგროვება და გადამუშავება ევროპაში შემოსავლიან ბიზნესად არის ქცეული. მაგალითად ესტონეთი ერთ-ერთია ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელმაც ნარჩენების მართვა შემოსავლიან ბიზნესად აქცია. ესტონეტში შერეული ნარჩენები – მეტალი, ქაღალდი და მუყაო, მინის პლასტიკატი და მავნე ნარჩენები გადამუშავდება, რომლის შედეგად ტალინის ერთი საკმაოდ დიდი უბანი გათბობას იღებს, ასევე მიწის გამანოყიერებელი სასუქიც მიიღება.
ამასთან, ესტონეთში მოქმედებს ნარჩენების გადამუშავების დეპოზიტური სისტემა, რომელიც მინის, ლითონის, განსაკუთრებით კი პლასტიკატის გადამუშავებაზეა ორიენტირებული.