სოფელ ხაშმში აგროტურისტული ცენტრი ,,მტევინო“ გაიხსნება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში აგროტურისტული ცენტრი და მარანი „მტევინო” იხსნება. აღნიშნული მრავალფუნქცური სივრცის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
აღნიშნულ სივრცეში სტუმრებს შეეძლებათ საუკეთესო ღვინის დეგუსტაცია, კულინარიულ მასტერკლასში მონაწილეობა და 5 ნომრიან სასტუმროში განთავსება, რომელიც 15 სტუმარზეა გათვლილი.
,,მარანი ოფიციალურად 1 აპრილს გაიხსნება. ის დატვირთულია სხვადასხვა სივრცეებით, ასევე გვაქვს 25 კაციანი შეხვედრების ოთახი.
სტუმრებს ასევე შეეძლებათ ისარგებლონ ვერანდით, სადაც შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია. პროექტი გათვლილია როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ტურისტებზე’’,- აცხადებენ კომპანიაში.
მარანში ხაშმის საფერავს, ქინძმარაულს, მუკუზანს, მანავის მწვანეს, რქაწითელს აწარმოებს, რომელიც დაგეგმილია, რომ წელს ექსპორტზე გავიდეს.
,,პირველ ეტაპზე ჩამოისხმება ღვინო 650 ათას ბოთლის ოდენობით. უკვე რამდენიმე ქვეყანასთან გაფორმებულია ხელშეკრულება და მათ ბაზარზე „მტევინოს“ ღვინო შევა. ღვინო გაიყიდება როგორც ჩინეთში, ვარშავასა და ბუდაპეშტში. წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ამერიკასთან, სადაც რამდენიმე ათას ბოთლს შევიტანთ’’,- აცხადებენ კომპანიაში.
,,მტევინოს“ დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის იგეგმება მარნის გაფართოვება, აუზის აშენება და კოტეჯების ჩადგმა.