ახალი ამბებისტატიები

თელავის კულტურული მემკვირეობა – ისტორიული სახლები შველას საჭიროებს

თელავის მოსახლეობის ნაწილი ისტორიული სახლების რეაბილიტაციას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, ქალაქში მდებარე უძველესი სახლების ნაწილი, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ნგრევის პირას არის, ნაწილი კი უკვე დანგრეულია.
ისინი ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისთვის შესაბამის სამსახურებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებენ.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მაკა თარაშვილი ისტორიული სახლების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლში, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები.
მისი თქმით, სახლს მეორე მხრიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა ესაზღვრება, სადაც მისი აშენების თარიღი, 1916 წელია აღნიშნული.
,,სახლი, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უკვე 100 წლისაა. აშენების თარიღი ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან არსებულ ფასადზე წერია. ჩოლოყაშვილს ქუჩის მხრიდან კი ლამაზი შეისრული შესასვლელი აქვს, რაც ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევს.
ფასადი, რომელიც ყველას ხვდება თვალში, ძალიან უშნოა. გარდა ამისა, სხვა მსგავსი შენობებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, სახლს არანაირი აბრა არ აქვს. არადა ეს ეზო ქალაქის სავიზიტო ბარათი შეიძლებოდა ყოფილიყო, ძველი და ახალი თელავის გზაგასაყარზე. ტურისტებს მოსწონთ ძველი სახასიათო სახლები, ამ სახლების მცხოვრებლების ყოფის ნახვა, დღეს ამ ეზოში შემოხედვა კაცს გულს მოუკლავს.
სახლი სავალალო მდგომარეობაშია, ორი თუ სამი წლის წინ ჭერი კინაღამ თავზე დამეცა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა მითხრა, პასუხისმგებლობას არ ვიღებთო’’, – განუცხადა Knews.ge-ს მაკა ტარაშვილმა, რომელიც ღვინის გიდია და ტურიზმის მიმართულებით მუშაობს.
ის ასევე განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გამო სახლის მფლობელებს სარემონტო სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა არ ეძლევათ, რადგან ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სათანადო ნებართვის გარეშე შეუძლებელია.
,,მესმის, რომ საცხოვრებელი სახლის რემონტი სახელმწიფოს ვალდებულება არ არის, მაგრამ თუ შენობა ძეგლია, მაშინ მიხედონ. თუ ვერ, ან არ ხედავენ აქ მცხოვრებლებს მაინც ნუ გვიზღუდავენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უსაფრთხოების ფარგლებში მაინც.
მე ტურიზმის სფეროში ვმოღვაწეობ და ვერავინ ვერ მასწავლის როგორ გავუფრთხილდე კულტურულ ძეგლს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ არ დავარღვიო მისი ავთენტურობა.
როდესაც 2012 წელს ქალაქის რეაბილიტაცია დაიწყო, როგორც ვიცი ამ ეზოს რეაბილიტაციის პროექტიც არსებობდა, რომელიც გაქრა. დღემდე ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ. თვითნებურად კი სამუშაოების განხორციელების უფლება კი არ მაქვს სპეციალური ნებართვის და პროექტის გარეშე, რომელიც დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის მიერ. ეს ყველაფერი კი სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული’’, – აღნიშნავს მაკა ტარაშვილი.
ჩოლოყაშვილის ქუჩის გარდა, მსგავსი პრობლემაა ილია ჭავჭავაძის ქუჩაზეც. 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, უპატრობოდ არის დატოვებული. უმეტესობა კი უკვე ინგრევა.
,,უკვე წლებია ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული რამდენიმე სახლი, რომელსაც ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს, უყურადღებობისგან ინგრევა. ზოგი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციაც აღარ უშველის. აუცილებელია ამ განსხვავებული არქიტექტურის მქონე სახლების რეაბილიტაცია და შენარჩუნება, შემდეგ კი მათთვის რაიმე დატვირთვის მიცემა, რომ მისით ტურისტები დაინტერესდნენ”, აცხადებენ ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც ისტორიული სახლი მდებარეობს, უახლოეს პერიოდში მხოლოდ გზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება იგეგმება. რაც შეეხება ისტორიული სახლების რეაბილიტაციას, ამ დროისთვის დაგეგმილი არ არის.