თელავში ისტორიული სახლების რეაბილიტაციას ითხოვენ
თელავში ისტორიული სახლების რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, უძველესი სახლების ნაწილი, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ნგრევის პირას არის, ნაწილი კი უკვე დანგრეულია.
მათი თქმით, აუცილებელია შესაბამისმა სამსახურებმა ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისთვის აქტიურად იმუშავოს.
ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მაკა ტარაშვილი ისტორიული სახლების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლი სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.
,,გარდა ამისა, სახლი სადაც ჩემი და კიდევ შვიდი ოჯახი ცხოვრობს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ის ერთი საუკუნისაა. აშენების თარიღი ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან არსებულ ფასადზე წერია. ჩოლოყაშვილს ქუჩის მხრიდან კი ლამაზი შეისრული შესასვლელი აქვს რაც ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევს.
ფასადი რომელიც ყველას ხვდება თვალში ძალიან უშნოა. გარდა ამისა, სამწუხაროდ შენობას არანაირი აბრა არ აქვს სხვა მსგავსი შენობებისგან განსხვავებით. არადა ეს ეზო ქალაქის სავიზიტო ბარათი შეიძლებოდა ყოფილიყო, ძველი და ახალი თელავის გზაგასაყარზე. ტურისტებს მოსწონთ ძველი სახასიათო სახლები, ამ სახლების მცხოვრებლების ყოფის ნახვა, დღეს ამ ეზოში შემოხედვა კაცს გულს მოუკლავს.
სახლი სავალალო მდგომარეობაშია, ორი თუ სამი წლის წინ ჭერი კინაღამ თავზე დამეცა და პასუხისმგებლობას არ ვიღებთო გამომიცხადა ძეგლთა დაცვის სამსახურმა. მეუბნებიან თუ რემონტს თვითნებურად დაიწყებ სასამართლოში შევხვდებითო’’,- განუცხადა Knews.ge-ს მაკა ტარაშვილმა.
იგი ასევე განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გამო სახლის მფლობელებს არ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი სახლის რეაბილიტაციაზე თავად იფიქრონ, რადგან ისტორიული ძეგლის დაზიანება ან რეაბილიტაცია შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სათანადო ნებართვის გარეშე შეუძლებელია.
,,მესმის რომ საცხოვრებელი სახლის რემონტი სახელმწიფოს ვალდებულება არ არის, მაგრამ თუ შენობა ძეგლია მაშინ მიხედონ. თუ ვერ ან არ ხედავენ აქ მცხოვრებლებს მაინც ნუ გვიზღუდავენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უსაფრთხოების ფარგლებში მაინც.
მე ტურიზმის სფეროში ვმოღვაწეობ და ვერავინ ვერ მასწავლის როგორ გავუფრთხილდე კულტურულ ძეგლს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ არ დავარღვიო მისი ავთენტურობა.
როდესაც 2012 წელს ქალაქის რეაბილიტაცია დაიწყო, როგორც ვიცი ამ ეზოს რეაბილიტაციის პროექტიც არსებობდა რომელიც გაქრა. დღემდე ვეძებ მაგრამ უშედეგოდ. თვითნებურად კი სამუშაოების განხორციელების უფლება კი არ მაქვს სპეციალური ნებართვის და პროექტის გარეშე, რომელიც დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის მიერ. ეს ყველაფერი კი სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული’’,– განაცხადა მაკა ტარაშვილმა.
გარდა ჩოლოყაშვილის ქუჩისა, რეაბილიტაციას საჭიროებს ისტორიული სახლები ჭავჭავაძის ქუჩაზეც. აქ მდებარე 10-ზე მეტი სახლი უპატრობოდ არის დატოვებული და უმეტესობა კი ნგრევის პირას არის.
,,რამდენი წელიაჭავჭავაძის ქუჩაზე რამდენიმე სახლი, რომელსაც ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს უყურადღებობისგან ინგრევა. ზოგი უკვე ისეა რეაბილიტაციაც აღარ უშველის.
აუცილებელია, რომ მოხდეს ამ განსხვავებული არქიტექტურის მქონე სახლების რეაბილიტაცია და შენარჩუნება. შემდეგ კი მათთვის რაიმე დატვირთვის მიცემა, რომ მისით ტურისტების დაინტერესება მოხდეს”,- აცხადებენ ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე უახლოეს პერიოდში მხოლოდ გზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება იგეგმება. რაც შეეხება ისტორიული სახლების რეაბილიტაციას, ამ დროისთვის დაგეგმილი არ არის.