კახეთში გრიპის ვაქცინაცია დასრულდა
კახეთის რეგიონში გრიპის ვაქცინაცია დასრულდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, უკვე სრულად გახარჯულია 8 000 ვაქცინა, რომელიც რისკ ჯგუფებს მიკუთვნებული პაციენტების ვაქცინაციას მოხმარდა.
მისი თქმით, ვაქცინის ოდენობა სამედიცინო და სხვა სათანადო დაწესებულებებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრა.
,,ოქტომბრის და ნოემბრის თვეშია ვაქცინაცია ყველაზე შედეგიანი, მანამ სანამ გრიპის სეზონი დაიწყება. წელს მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა რისკ ჯგუფებს მიკუთვნებული 8 000-მდე პაციენტის ვაქცინაცია.
ესენი არიან ორსულები, დიაბეტიანი ბავშვები, დიალიზზე მყოფი პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, აივ ინფექციის მატარებელი პირები და წელს ამ ჯგუფებს დაემატა დიაბეტიანი პაციენტების, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების და აღმზრდელების ვაქცინაცია.
წელს შემოტანილი იყო 4 კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც წინა წლებში შემოტანილთან შესარებით ბევრად ეფექტური იყო. ამ დროისთვის ეს ვაქცინა სრულად გახარჯულია და მისი შემოტანის საჭიროება აღარ დგას.
სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია ის, რომ წელს გასულ წლებთან შედარებით გრიპით და გრიპისმაგვარი დაავადებების რიცხვი მცირეა.
ვინც არ არის რისკ ჯგუფში და აცრის ჩატარება უნდათ, მათ შეუძლიათ იმუნიზაციის ცენტრს მიაკითხონ და აიცრან, თუმცა ეს ღირს გარკვეული თანხა”,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.