თელავში წყლის დებეტის გაზრდისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
თელავში წყლის დებეტის გაზრდის მიზნით მდინარე თურდოს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები სრულდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყლის შემკრები ჭები და წყალმომარაგების ახალი ქსელი.
,,მშრალი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გასულ წელთან შედარებით არსებული დებეტი მნიშვნელოვნად შემცირდა. წყლის მარაგის გაზრდის მიზნით მიმდინარე სამუშაოები ორ დღეში დასრულდება. შედეგად, წყლის მიწოდების გრაფიკი გაუმჯობესდება”,– აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ წყლის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სხვა სამუშაოების განხორციელებაც იგეგმება.
,,თელავში წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას კონტრაქტორ კომპანიასთან ხელი უკვე მოაწერა. სამუშაოები ითვალისწინებს, სამი ახალი ჭაბურღილის მოწყობას და მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება. ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში ტენდერი გამოცხადდება პროექტის მეორე ნაწილზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს, აშენდება სამარაგო რეზერვუარები და 3 ახალი ჭაბურღილი. გარდა ამისა, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები.მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შედეგად, თელავის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”,– განაცხადეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.