გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება მარტივდება- რას ფიქრობენ თელავში
პირველი მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს მონაცემებით, კვალიფიციურ პერსონალს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება უკვე შეუძლია.
გერმანიის საელჩოში განმარტავენ, რომ მუშაობის დაწყების მსურველებს ვიზა დაგჭირდებათ, რისთვისაც თბილისში გერმანიის საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს უნდა მიმართონ. დროებითი ბინადრობის მისაღებად კი [6 თვე] გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობაა საჭირო.
,,თანხმობის მისაღებად რამდენიმე პირობა არსებობს, მაგალითად, ხელშეკრულება, რომელიც გერმანელ დამსაქმებელთან უკვე გააფორმეთ, ასევე უმაღლესი განათლების ან ორწლიანი პროფესიული განათლების დამადასტურებელი მოწმობა. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული განათლების ხანგრძლივობა მინიმუმ ორი წელი უნდა იყოს.
თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი და არ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, მაშინ შესაძლებელია საკმარისი იყოს, რომ თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომი მოცემული იყოს Anabin-ის მონაცემთა ბაზაში,“ – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
საელჩოს ინფორმაციითვე, ვიზის მიღება ასევე შესაძლებელია, თუკი გერმანიაში გამგზავრება სასკოლო ან პროფესიული განათლების მისაღებად გსურთ. შესაძლებელია ასევე პროფესიული განათლებისთვის მოსამზადებელი ენის კურსების გავლაც.
,,პროფესიული განათლების კურსებზე მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმუმ B1-დონეზე გერმანული ენის ცოდნის დადასტურება, თუმცა ეს არ არის საჭირო, თუ ენის ცოდნის მიღება დაგეგმილია მოსამზადებელ კურსებზე, ან ეს ცოდნა დადასტურებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობა კვირაში მაქსიმუმ 10 საათი. იგივე დროით მუშაობის უფლება გექნებათ მაშინაც, თუკი საელჩოს ეტყვით, რომ გერმანიაში სამუშაო ჯერ არ გიპოვიათ და გამგზავრება სამსახურის მოსაძებნად გსურთ.
ამ პერიოდში თქვენ გამოსაცდელი ვადით მუშაობის უფლება გექნებათ. თუმცა გამორიცხულია საქმიანობა დამხმარედ ან შეგირდად,“ – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულ სიახლეს და გერმანიაში დასაქმების პროცედურების გამარტივებას თელავში მცხოვრებლების ნაწილი დადებითად, ნაწილი კი უარყოფითად აფასებს.
ადგილობრივების თქმით, ერთის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები საზღვარგარეთ სწავლას და დასაქმებას შეძლებენ, მეორეს მხრივ კი ეს გამოიწვევს კვალიფიციური კადრების გადინებას, რაც ცუდ შედეგებს მოიტანს.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)თელავის ოფისის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდებისთვის კარგი შესაძლევლობაა, თუმცა კვალიფიციური კადრი აუცილებელია საზღვარგარეთ წასვლის და ცოდნის გაღრმავების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდეს, რადგან ამ კუთხით დღეს რეგიონებში ცუდი მდგომარეობაა.
,,მნიშვნელოვანია ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდა გერმანიის მთავრობის მხრიდან. თუმცა ამას ახლავს, რათქმაუნდა რისკებიც. კონკრეტულად კი ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მიგრაციულ პროცესებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების გადინებას ქვეყნიდან.
ის, ახალგაზრდები, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას და აქვთ კონკრეტული პროფესიები, სავარაუდოდ ისინი შესძლებენ პროგრამაში მონაწილეობას. ზოგადად კი ეს პროგრამა გათვლილია საშუალო და მაღალ კვალიფიციურ კადრებზე, რომელიც დღეს ქვეყანას ძალიან უჭირს და შესაბამისად, ეს გამოიწვევს ადგილზე კვალიფიციური მუშახელის შემცირებას.
თავის მხრივ ეს არის კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის გაიღრმავონ ცოდნა და სამუშაო გამოცდილება გერმანულ კომპანიებში, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკისთვის რამდენად კარგია ეს სხვა საკითხია.
ჩემი აზრით, აქ უნდა შევქმნათ კარგი ეკონომიკური შესაძლებლობები, რომ მსგავსი კვალიფიციური კადრები დარჩნენ ქვეყანაში და ადგილზე შექმნან ეკონომიკური დოვლათი’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
თელავში მცხოვრები ახალგაზრდა, თორნიკე ხალხელაური ფიქრობს, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა კონკრეტული მიმართულებით.
,,გერმანიაში ლეგალური დასაქმება ძალიან კარგია იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც თავისი კარიერული წინსვლა უნდა. ევროპაში მეღებული გამოცდილება და საქმის ცოდნის დონე ბევრად აღემატება ჩვენთან არსებულ სიტუაციას.
იმედია ახალგაზრდები ბოლოს ისევ დაბრუნდებიან საქართველოში და იზრუნებენ თავისი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე იქ მიღებული სამუშაო გამოცდილების ხარჯზე’’,- განუცხადა knews.ge-ს თორნიკე ხალხელაურმა.