როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან – სპეციალისტის რჩევები
კახეთის რეგიონში გრიპის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის განსაკუთრებული მატება წინა კვირას დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ნებისმიერი მიზეზით ექიმთან მისული 5 589 პირიდან, გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების მსუბუქი 1 109 შემთხვევა დაფისირდა.
ნელი ხიზანიშვილი ასევე გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირს აღენიშნება მაღალი სიცხე და სახსრების ტკივილი, აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
,,გრიპი იწყება მწვავედ, სახსრების ტკივილით, მაღალი სიცხით, შემცივნებით, შესაძლებელია იყოს თავის ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა. ამ დროს პანციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
თუ პაციენტს აღენიშნება ცხვირიდან ჩამონადენი, ტყელის ტკივილი და დაბალი ტემპერატურა, ეს არ არის გრიპი. ეს არის გრიპისმაგვარი დაავადება, რომელიც შეიძლება ისევე გართულდეს როგორც გრიპი.
გრიპის პროფლაქტიკის ყველაზე კარგი საშუალება არის ვაქცინაცია, რომელიც ჩატარდა კახეთში. 8 000-ზე მეტი ვაქცინა იყო ჩამოტანილი, რომელიც სრულიად გახარჯულია.
გაცივებისგან თავის დასაცავად აუცილებელია ასევე ჰიგიენური პირობების დაცვა: ხელების ხშირად დაბანა, სახლის სველი წესით დალაგება, ხშირი განიავება. გარდა ამისა, გრიპით ან გრიპისმაგვარი დაავადების მქონე პაციენტის იზოლირება უნდა მოხდეს. მათ თავი უნდა შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან”,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
ავტორი: ზურა არჩემაშვილი