ახალი ამბები

თელავის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მცირე რაოდენობა გამოცხადდა

თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მხოლოდ მესამედი გამოცხადდა.

ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი ია ლუარსაბიშვილი, ბავშვების მცირე კონტიგენტს, სეზონურ ვირუსს უკავშირებს.

მისივე თქმით, თელავის მუნიციპალიტეტში სულ 31 საბავშვო ბაღია. 3 130 აღსაზრდელიდან კი დღეს ბაღში 1  124 გამოცხადდა.

,,ძალიან დაბალი დასწრებაა. ვფიქრობ სეზონური ვირუსების გამო, მშობლები თავს არიდებენ ბავშვების ბაღში მოყვანას. თუ აღსაზრდელს რამე სიმპტომი შევნიშნეთ, ჩვენ თვითონაც არ დავუშვებთ ბაღში”,- განაცხადა ია ლუარსაბიშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის ოფისის ინფორმაციით, გასული კვირას კახეთში გრიპით დაავადების 1 109 შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაცია კი 207 პაციენტს დასჭირდა.