გვალვა კახეთში სოფლის მეურნეობას საფრთხეს უქმნის
ბოლო რამდენიმე თვეა კახეთში გვალვიანი სეზონია. თუ არ ჩავთვლით კახეთში გუშინ მოსულ თოვლს, შემოდგომა-ზამთარის სეზონზე რეგიონში მუდმივად მზიანი დღეებია და წვიმა თითქმის არ მოსულა. ექსპერტები კლიმატის მკაფიო ცვლილებებში გლობალური დათბობის შედეგებს ხედავენ.
ფერმერები კი ამბობენ, რომ რეგიონში ძლიერი გვალვაა, რომელიც სოფლის მეურნეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ გლობალური დათბობის გამო კლიმატური ზონები აირია, რაც მკვეთრად აზიანებს სოფლის მეურნეობასა და მცენარის ზრდას ხელს უშლის.
,,გლობალური დათბობის გამო სეზონები აგვერია. არანორმალურად ცხელი ზაფხული, უნალექო ზამთარი და შემოდგომა გვაქვს, რომელიც აისახება თავისთავად სოფლის მეურნეობაზე და ასევე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თუნდაც ვირუსის აქტიურად გამრავლებას უწყობს ხელს.
უნალექობა მოქმედებს სოფლის მეურნეობაზე, მცენარის აღმოცენებასა და მის სიძლიერეზე. როცა რაიმე კულტურა ჩაითესება გვალვისგან გამხმარ მიწაში, მას არ ექნება იმის საშუალება, რომ დროულად გაღვივდეს და შემდეგ ნორმალურად აღმოცენდეს’’,– განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.
სპეციალისტი მიუთითებს, რომ უნალექობა მცენარის ზრდის შეფერხების გარდა, ასევე იწვევს სხვადასხვა მავნებლისა და დაავადების გავრცელებას, რომელიც სოფლის მეურნეობას აზარალებს.
,,სიცივის პერიოდში ყველა ვირუსული დაავადება კვდება, სითბოს პერიოდში კი ისინი ინტენსიურად მრავლდება. ეს პერიოდი ფერმერებს ძალიან მძიმე სიტუაციაში აყენებს. ის მოქმედებს განსაკუთრებით მემინდვრეობისთვის მავნებელი თაგვის გავრცელებაზე.
თუ წინა წლებში ორჯერ ან სამჯერ გვიწევდა თაგვის წამლის შეტანა, ახლა 6 -ჯერაც არ ყოფნის იმდენად ბევრი თაგვია გავრცელებული კლიმატური პირობების გამო. გარდა ამისა, ჩვენ თუ გვინდა შევიტანოთ მინერალური სასუქი ადგილში, ამ შემთხვევაში აუცილებელია ნალექი, რომელმაც უნდა გაადნოს ის, ჩაიტანოს მიწაში და მიაწოდოს ფესვებს’’, – აცხადებს ირინე ფხოველიშვილი.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს აგროტექნიკური ვადების შეცვლაში ხედავს და აღნიშნულ საკითხზე ფერმერების სწორად ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს.
,,ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გადასახედია აგროტექნიკური ვადები, იმიტომ რომ კლიმატური ზონები და სარტყლები აირია. ის აგროტექნიკური ვადები, რაც აქამდე არსებობდა და მუშაობდა, უნდა შეიცვალოს.
აუცილებელია შემოვიღოთ და დავაკანონოთ ფესვის შემდგომი დატკეპვნის სამუშაოების ჩატარება, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს ტენს და ხელს უწყობს მცენარის ნორმალურ ზრდას. სხვა ბევრი საკითხიც არის, რომელიც გადახედვას და ფერმერამდე სწორად მიტანას საჭიროებს. გვიკვირს, რატომ არ მოდის კარგი მოსავალი, ეს ხდება იმიტომ, რომ სერიოზულ კრიზისს განვიცდით სეზონებისას.
თოვლი, რომელიც მცირე რაოდენობით მოვიდა კახეთში, ხელს შეუწყობს ჰაერის ფილტრაციას, ბევრ მიკრობს ჩაიტანს მიწაში და მოსპობს. მართალია დაგვიანებულია, მაგრამ მაინც წაადგება მოსავალს და სოფლის მეურნეობას.
მთავარია ამას არ მოყვეს ქარები, რომელიც კიდევ გამოაშრობს ნიადაგს და ისევ დააბინძურებს გარემოს. თუ ტენიანობა ცოტა ხნით მაინც იქნება შენარჩუნებული, საშველი ნამდვილად იქნება.’’
ფერმერების განმარტებით, ბოლო წლებია სულ უფრო ნაკლები მოსავალი მოდის. ისინი ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი გვალვა, ნიადაგის მოვლისა და მოსავლის სწორად მოყვანასთან დაკავშირებით ფერმერების ნაკლები ინფორმირებაა.
,,ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა და გვალვაა, არ გვაქვს სარწყავი წყალი. მაგალითად, ადრე თუ 3-ჯერ ვრწყავდით მოსავალს, ახლა აღარ არის საკმარისი, იმიტომ რომ წინა წლებისგან განსხვავებით დიდი სიცხეებია.
ზამთარიც ისე გადის, რომ ნალექი არ მოდის. ეს ყველაფერი მოქმედებს როგორც მოსავლის მოყვანაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ხარისხზე’’, – აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრები გივი ნიკოლაშვილი.