ახალი ამბები

გურჯაანში, დიდების მემორიალზე ხის ჯიხურები დააზიანეს

გურჯაანში, დიდების მემორიალზე ხის ჯიხურები კვლავ დააზიანეს.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ხის ჯიხურები გურჯაანის საბიბიოთეკო გაერთიანების ბალანსზეა. საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება. მათივე განმარტებით, დაზიანებულ ჯიხურებს საბიბლიოთეკო გაერთიანება შეაკეთებს.

2017 წელს ქალაქ გურჯაანში მდებარე დიდების მემორიალზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და არქიტექტურული სამუშაო ჩატარდა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოხალისე არქიტექტორები იყვნენ ჩართულები.

ხის კონსტრუქციები, რომლებიც ქალაქში ტურიზმის განვითარებასა და მცირე ბიზნესის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა, ავსტრიელმა სტუდენტებმა ააწყეს. 

მოხალისეებმა სოფია გარნერმა, ამანდა შპერგერმა, მარსელ ებნერმა, ლუკას ბენერმა, დილაი თიურემ, ნიკოლას კუკლაკისმა ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა სახის არქიტექტურული სამუშაო განახორციელეს. ისინი ავსტრიის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობენ.

პროექტს ,,დიდების მემორიალის აღდგენითი სამუშაოები“ არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეჟინი” ახორციელებდა.