გურჯაანში დიდების მემორიალზე განთავსებული ჯიხურები ნაჯახით დააზიანეს
კონსტრუქციები, რომლებიც ქალაქში ტურიზმის განვითარებასა და მცირე ბიზნესის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა, ავსტრიელმა სტუდენტებმა ააწყეს.
2017 წელს ქალაქ გურჯაანში მდებარე დიდების მემორიალზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და არქიტექტურული სამუშაო ჩატარდა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოხალისე არქიტექტორები იყვნენ ჩართულები.
პროექტს ,,დიდების მემორიალის აღდგენითი სამუშაოები“ არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეჟინი” ახორციელებდა.
,,ჩვენი ორგანიზაცია ჩაერთო საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადებული იყო ,,ელკანას“ მიერ. სამუშაო ობიექტად შეირჩა გურჯაანის დიდების მემორიალი, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათია და არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. აღნიშნული პროექტის არქიტექტურული ნაწილის შექმნაში დაგვეხმარა ქართველი სტუდენტი გიორგი ხარიტონაშვილი და მისი უცხოელი მეგობრები. ისინი სწავლობენ ავსტრიაში და მათ გამოთქვეს სურვილი, რომ უანგაროდ დახმარებოდნენ გურჯაანს. სამწუხაროა, რომ დღეს ეს ჯიხურები დაზიანებულია. აუცილებელია ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეს დაიცვას’’– განუცხადა knews.ge-ს ორგანიზაცია “ვეჟინის” ხელმძღვანელმა, ლაურა ხარიტონაშვილმა.
მოხალისეებმა სოფია გარნერმა, ამანდა შპერგერმა, მარსელ ებნერმა, ლუკას ბენერმა, დილაი თიურემ, ნიკოლას კუკლაკისმა ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა სახის არქიტექტურული სამუშაო განახორციელეს. ისინი ავსტრიის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობენ.
,,ჩემი მოტივაცია იყო მოსახლეობის დახმარება. როცა ჩემმა მეგობარმა მთხოვა პროექტში ჩართვა, გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. მე ვსწავლობ და ვცხოვრობ ავსტრიაში, წარმოშობით გერმანელი ვარ’’, – განაცხადა ავსტრიელმა სტიდენტმა ლუკას ბერენმა.